Toyota Motor-მა განაცხადა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2026 წლის მარტში კომპანიამ გლობალურად 35 525 ელექტრო ავტომობილი გაყიდა, რაც წლიურად 139%-ით მეტია.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა იაპონიაში, სადაც გაყიდვებმა დაახლოებით 3500 ერთეული შეადგინა – ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4117%-ით არის გაზრდილი. ევროპაში ზრდა შედარებით ზომიერია, თუმცა მოცულობა უფრო დიდია – Toyota-მ 25 640 ელექტრომობილი გაყიდა, რაც 85%-იან ზრდას ნიშნავს.
კომპანიის ყველაზე პოპულარულ მოდელად ევროპაში Toyota bZ4X რჩება, რომელიც ასევე წარმატებით იყიდება აშშ-ში და იაპონურ ბაზარზე ელექტრომობილებს შორის ლიდერობს.
ექსპერტების შეფასებით, გაყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდა მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესით არ არის განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა საწვავის ფასების ზრდა, რაც დაკავშირებულია აშშ-ირანის კონფლიქტთან. გაძვირებულმა ბენზინმა ავტომობილების მფლობელები უფრო მეტად დააფიქრა ალტერნატიულ, ელექტრო ტრანსპორტზე გადასვლაზე.
ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა უკვე ტენდენციად იქცა, ხოლო იაპონიაში ხელისუფლებამაც მოუწოდა მოქალაქეებს საწვავის დაზოგვისკენ, ფასების მკვეთრი ზრდისა და შესაძლო დეფიციტის ფონზე.