აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.
როგორც ტრამპი წერს, თავდაპირველად გამოცხადდება 12-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო როცა 24 საათი შესრულდება, „ომი დასრულებულად ჩაითვლება“.
„გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა (ამ წუთიდან დაახლოებით 6 საათში, როცა ისრაელი და ირანი დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე ფინალურ მისიებს!), 12 საათით, რა დროსაც ომი ჩაითვლება დასრულებულად!“, – დაწერა ტრამპმა 23 ივნისის დღის ბოლოს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ეს არის ომი, რომელიც „შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა“, მაგრამ „არ გაგრძელებულა და არც გაანადგურებს“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.
„ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შეთანხმების დამატებითი დეტალები და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების გარანტიები.
დასავლური მედიის ცნობით, ისრაელისა და ირანის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.