ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მომავალი სეზონის რეგლამენტი გამოაქვეყნა, რომელშიც მთელი რიგი შეზღუდვები და რეკომენდაციებია თავმოყრილი. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეხვედრების მასპინძელ გუნდებს დაეკისრებათ. რეგლამენტის მიხედვით, კლუბები ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ ქვეყნებში არსებული შეზღუდვების შესახებ „უეფა“ კენჭისყრამდე ორი დღით გააფრთხილონ. თუ ისინი „უეფას“ შესაბამის ცნობებს არ მიაწვდიან ადგილობრივი მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, ორგანიზაცია საკუთარი წესებით იხელმძღვანელებს. მატჩის ჩაშლის შემთხვევაში მასპინძლებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.
გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება იმ შემთხვევშიც, თუ:
მასპინძელ ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების შემთხვევაში ვერ წარადგენს მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების ალტერნატიულ გეგმას;
„უეფასთვის“ არასაკმარისი ცნობების მიწოდების ფონზე ორგანზიაცია თავად შეარჩევს ნეიტრალურ მოედანს, მაგრამ გუნდი უარს იტყვის იქ თამაშზე;
კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ გუნდში ინფიცირებულები აღმოჩნდებიან, მაგრამ ძირითადი შემადგენლობის 13 ფეხბურთელი ჯანმრთელი იქნება, ქვეყნის მთავრობა მატჩის ჩატარებაზე ნებართვას გასცემს, თუმცა გუნდი უარს იტყვის თამაშზე.
ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველი მატჩის წინ ჩაუტარდებათ.