„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებს – ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძეს, დავით ზილფიმიანს და ზაზა მიქაძეს – ეკუთვნით.
ინჯიამ კანონპროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს მოქალაქეობის მიღებას ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს.
“პირველ რიგში, ამ მიზეზებს შორის შეიძლება, იყოს არასრულყოფილი კანონმდებლობა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც კი. საქართველოს მოწყვეტილნი არიან არა მხოლოდ ემიგრაციაში წასული პირები, არამედ მათი შვილებიც, რომლებიც დღითი დღე შორდებიან მშობლიურ ფესვებს.
სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება, მოტივაცია. სახელმწიფო ვალდებულია, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს, რაც შემდეგი განხილვის საგანს წარმოადგენს
„ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააადვილებს საქართველოდან ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანებისა და მათი შვილების საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს, ახლებური რეგლამენტაციით, არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებენ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას. რაც სამწუხაროდ, ემიგრაციებში წასულების გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს.
საჭიროა, ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს. მათ გაუჩენს ინტერესს და მოტივაციას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში თავიანთ შვილებთან ერთად. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამ მხრივ, ჩვენ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ.
აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიც არის გართულებული ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას. კანონპროექტის მომზადებისას, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორიც არის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასევე, კონსულტაციები გვქონდა ცალკეულ დეპუტატებთან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.