LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ…“ – გია ბურჯანაძემ პატრიარქზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა

274
გია ბურჯანაძე, პატრიარქი

თეატრისა და კინოს მსახიობი, გია ბურჯანაძე პატრიარქთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

გადაცემა „შუადღის“ ეთერში პატრიარქზე საუბრისას მსახიობმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

„ეკლესიისა და ხელისუფლებების ურთიერთობაზე იყო დისკუსია საპატრიარქოში, ეტყობა მაშინ თავხედი ვიყავი, ახალგაზრდა… რაღაცები გამოვთქვი, რომ ხშირად დამოკიდებულება იყო ძალიან დაძაბული. მინელდა ჩვენი საუბარი და წამომყევიო, პატრიარქმა მითხრა, ხატი მაჩვენა და მკითხა თუ იცი ეს რა არისო, მე ვუთხარი წმინდა გიორგის ხატიათქო. სხვა ვერაფერს ვერ ხვდებიო მკითხა, მე დავიბენი ძალიან. მისი ხასიათი არ იყო, რომ ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. ვერ ვხვდები უწმინდესო, მითხარითთქო. დააკვირდი, ყველა წმინდა გიორგის ხატი არის გამარჯვებული წმინდა გიორგისო, ეს ხატი არის ხმალამოღებული, ეს საბრძოლველად მიმავალი წმინდა გიორგია, რომელსაც წინ აქვს გამარჯვებებიო, ეს მნიშვნელოვანია და დაიმახსოვრეო, საბრძოლველი წინ გვაქვსო, ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ…“ – ამბობს მსახიობი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g