თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, არსებულ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არჩევნების ჩატარება თავად, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინიციატივა იყო, თუმცა შესაბამის დროს.
„თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა. დღეს, როდესაც ყველასთვის, პარტიისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამაზე საუბარი უადგილო იყო.
დღევანდელი დღე იყო ჩემთვის სრულიად გაუგებარი. შიდაპარტიულ დისკუსიებში ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, დავაფიქსიროთ აზრი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მოხდა.
ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანაა. წარმოუდგენელია, დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ.“– განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
აღნიშნულზე განცხადება პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ნომერ პირველი მსჯელობის საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა.
როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, პარტიაში ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ეს ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავად ჰქონდა გაჟღერებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იცით, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა იქნება და პირველადი მონაცემებით, ეს უმძიმესი დასკვნა იქნება. შემდგომ იქნება შუამდგომლობა და იქნება სასამართლო გადაწყვეტილება.
ამიტომ „ნაციონალური მოძრაობაში“ მთავარი საფიქრალი ეს იყო, რა უნდა გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით, მთელი პარტია ამაზე იყო ორიენტირებული. ამავე დროს, ამავე შეხვედრაზე, ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, „ნაციონალური მოძრაობაში“ უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოსი, სამდივნოსი და ეს პირველ რიგში, იყო ნიკა მელიას ინიციატივა.
ნიკა მელია ამ შეხვედრებზე ძალიან საჯაროდ საუბრობდა და არა მარტო შეხვედრებზე, გადაცემებში, ტელევიზიებშიც საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია ოღონდ გააჩნია პერიოდს.
ახლა არის კრიტიკული მომენტი, რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის საკითხს – თქვენ იცით, ადვოკატების სტრატეგია, იცით როგორ მუშაობენ, იცით რა თემებია ახლა მთავარი „ნაციონალური მოძრაობაში“: ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, სასამართლოს დასკვნა უნდა დაიდოს.
ამაზე იყო საუბარი და ამის შემდეგ იყო მზაობა პირველ რიგში პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ აი ამ პერიოდში, ასეთი ბრიფინგი იქნა ჩატარებული. ამ პერიოდში, ასეთ დროს, ასეთ მოულოდნელად ბრიფინგის გაკეთება ცოტა უცნაური და დასანანია.“– განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანაგუნდელების ერთი ნაწილი ითხოვს, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ქვეყნის თავისუფლებისთვის ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ.
