წელს ჩატარდა რიგით მე-4 მწვანე ბანაკი – ,,კლიმატის ელჩები“ – ამის შესახებ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ისაუბრა.
რას მოიცავს პროექტი „მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩები“?
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში 2022 წლიდან ხორციელდება მწვანე ბანაკი – „კლიმატის ელჩები“, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ახალგაზრდა მოხალისეების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ.
წელს ჩატარდა რიგით მეოთხე ბანაკი დაბა ბაკურიანში 24-30 ივნისს ბანაკში მონაწილეობა მიიღო 15-17 წლის, 51-მა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ჯამში ბანაკში წარმოდგენილია ქვეყნის 26 მუნიციპალიტეტი (ბაღდათი, ონი, სენაკი, სიღნაღი, რუსთავი, საჩხერე, ახალციხე, ხაშური, ჭიათურა, გურჯაანი, ზესტაფონი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ახმეტა, წყალტუბო, ბოლნისი, ჩხოროწყუ, ბათუმი, მესტია, თბილისი, ფოთი, მარტვილი, თელავი, ამბროლაური, ქობულეთი, ხობი).
რის შესაძლებლობებს იძლევა აღნიშნული ბანაკი?
ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და იმუშაონ დარგის სპეციალისტებთან ერთად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, საგანგებო სიტუაციების, საგანგებო მართვის გეგმების, კატასტროფების დროს ქცევის წესების, ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი დემოკრატიის თემებზე და მოხალისეობის მნიშვნელობაზე გარემოსდაცვით სფეროში. ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები განახორციელებენ ახალგაზრდულ პროექტებს, რითაც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფენ გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნულ აქტივობებს ისინი ატარებენ როგორც დისტანციურად, ისე პირისპირ შეხვედრით. სულ ამ ეტაპზე გვყავს 159 კლიმატის ელჩი. მათ შეძლეს და მხოლოდ 2023 წელს აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერება აუმაღლეს 1161 ახალგაზრდას.
კლიმატის ელჩების კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაა ონლაინ თამაშის შექმნა „სურამულა“, რომელიც წყალდიდობისგან გადარჩენის გზებს გვასწავლის. თამაშის მონაწილეებმა თავი ვირტუალურ წყალდიდობას უნდა დააღწიონ, რისთვისაც მათ სრულიად რეალურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. „სურამულა“ უკვე ხელმისაწვდომია სათამაშო პორტალ Roblox-ზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს თამაში.
ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ესეების და ფოტო კონკურსები კლიმატის ცვლილების თემაზე, რომლებიც არაერთხელ განახორციელა კლიმატის ელჩების სხვადასხვა ჯგუფმა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კონკურსებში ხშირად იღებენ მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, რომლებიც ამ გზით უფრო მარტივად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხის მიმართ.
კლიმატის ელჩების თაოსნობით არაერთ სკოლაში შეიქმნა ეკო-კლუბები, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ცენტრებთან.
კლიმატის ელჩების ჯგუფებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები, პოსტერები, ინფოგრაფიკები, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი საფრთხეების (გვალვა, მეწყერი, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, ძლიერი ქარი, ზვავი) შესახებ, რომლის ბეჭდვაში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. აღნიშნული საინფორმაციო ბროშურები თითოეულმა ახალგაზრდამ თავის თემში გაავრცელა.
ახალგაზრდა კლიმატის ელჩების მიერ წამოწყებული ადგილობრივი პროექტები და საინფორმაციო კამპანიები ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლის საქართველოს საზოგადოებას და საფუძველს უყრის კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობას.