მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა საფეხბურთო კლუბებმა 2024–25 წლების სეზონში რეკორდული შემოსავალი – 12.4 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ელიტური კლუბები სულ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული სატელევიზიო ტრანსლაციებზე და ყურადღებას ამახვილებენ კომერციულ შემოსავალზე, ბრენდის ძალაზე და სტადიონების მონეტიზაციაზე, ნათქვამია Deloitte-ის Football Money League-ის უახლეს ანგარიშში.
წლიური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 20 უმდიდრესი კლუბის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. ლიდერობას კვლავ მადრიდის „რეალი“ ინარჩუნებს – კლუბმა ზედიზედ მეორე სეზონია 1 მილიარდი ევროს ზღვარი გადალახა. მხოლოდ კომერციული მიმართულებით „რეალმა“ 594 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც სპონსორობის ზრდამ განაპირობა.

Deloitte-ის შეფასებით, ეს მაჩვენებლები ასახავს „საფეხბურთო კლუბების შემოსავლების შთამბეჭდავ ევოლუციას“, სადაც წარმატება უკვე ბევრად სცდება მხოლოდ მოედანზე მიღწეულ შედეგებს.
სეზონის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია სამივე მთავარმა შემოსავლის წყარომ:
ე.წ. “მატჩდეი” შემოსავალი – €2.4 მილიარდი
სატელევიზიო ტრანსლაციები – €4.7 მილიარდი
კომერციული შემოსავალი – €5.3 მილიარდი
კომერციული მიმართულება პირველად გახდა ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო და €5 მილიარდს გადააჭარბა.
ექსპერტების შეფასებით, ზრდა უკავშირდება მაღალბიუჯეტიან სპონსორობას, მაღაზიათა ქსელების გაუმჯობესებულ მუშაობას და სტადიონების გამოყენებას მატჩების გარეთ – კონცერტებისთვის, ტურიზმისთვის, რესტორნებისა და სხვა გასართობი ინფრასტრუქტურისთვის.

დღეს ევროპის არაერთი კლუბი საკუთარ სტადიონს წლიურ გასართობ ჰაბად გარდაქმნის: ლუდსახარშები, რესტორნები, სასტუმროები და სხვადასხვა ღონისძიებები ფეხბურთს სცდება და კლუბებს ბრენდებად აქცევს, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც სატელევიზიო შემოსავალი უკვე გაჩერებულია.

ლიდერები და მთავარი ცვლილებები
რეალ მადრიდი – თითქმის €1.2 მილიარდი საერთო შემოსავალი
ბარსელონა – €975 მილიონი და მეორე ადგილი
ბაიერნი – €861 მილიონი
პარი სენ-ჟერმენი – €837 მილიონი
ლივერპული – €836 მილიონი და ის პირველად გახდა ინგლისის ყველაზე შემოსავლიანი კლუბი.
