LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახე“ 20 წლის იუბილეს 24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი აღნიშნავს

112

„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში დღეს, 7 აგვისტოს, ჯგუფ „სახის“ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, „სახის“ წევრებმა, დათო ხუჯაძემ, დათო ფორჩხიძემ და ბორიკო შხიანმა ისაუბრეს 24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის შესახებ, რომელიც ჯგუფის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

საღამოს შოუს სახე ექნება, ჯგუფის წევრებთან ერთად სცენაზე იქნებიან „სახის“ ახლად შექმნილი ბენდის წევრები, ასევე მოცეკვავეების ჯგუფი და სტუდია „სახის“ სტუდიის მოსწავლეები. ამ კონცერტისთვის „სახე“ განსაკუთრებულად ემზადება და როგორც დათო ფორჩხიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეს მათი საუკეთესო ღონისძიება იქნება.

გიორგი ჩოგოვაძე:

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გრძელდება კონცერტების სერია „ბლექ სი არენაზე“. 24 აგვისტოს, შეიძლება თამამად ითქვას, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი 20 წლის გახდა, როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებით გაგვახარებენ ყველა თაობის წარმომადგენლებს. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.

დათო ხუჯაძე:

ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ამ პროექტში მონაწილეობას საშუალება. დიდი მადლობა „ჩექ ინ ჯორჯიას“. შეიძლება ითქვას, რომ „ბლექ სი არენას“ მსგავსი დარბაზი მეორე არ არსებობს რეგიონში და გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ გავაკეთოთ ჩვენი კონცერტი. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც დარბაზს გააჩნია. ამ კონცერტზე შესრულდება ის სიმღერები, რომლებიც ყველამ იცის და 10 ახალი კომპოზიცია, რომელიც შემდეგ ალბომის სახით გამოიცემა.

მესამე თვეა, გვაქვს ყოველდღიური რეპეტიციები. არ ვზოგავთ თავს, რადგან ვიცით, რომ იქ უამრავი ხალხი მოვა.

დათო ფორჩხიძე:

მადლობა ყველა პარტნიორს, „ჩექ ინ ჯორჯიას“. არასდროს ჩაგვიტარებია კონცერტი შრომისა და წვალების გარეშე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი მხარდაჭერა და დახმარება მივიღეთ, შევკრიბეთ ახალი ბენდი და ჩვენ გვექნება, ჩემი აზრით, დღეს რაც სტანდარტია პოპმუსიკაში, იმის მიხედვით გაკეთებული ღონისძიება, ჩვენ არენაზე ჩავატარებთ ჯგუფის ისტორიაში საუკეთესო კონცერტს!..

ჩვენთან არის სიახლე, მესამე წევრი გახდა ბორიკო შხიანი, მუსიკოსი, რომელთანაც შედგა კოლაბორაცია. გვყავს ძალიან კარგი ბენდი და გვექნება აბსოლუტურად სხვა ჟღერადობა. ჩვენს მუსიკაში ბევრი რამის სინთეზს მოისმენთ, მათ შორის ცოცხალი და ელექტრონული ჟღერადობის ერთობლიობას.

ბორიკო შხიანი:

დიდხანს გვინდოდა ერთად რაღაცის გაკეთება. დავიწყეთ ერთი სიმღერით, მოგვეწონა ერთად მუშაობა, შემდეგ ჩავწერეთ „თბილისო“, გადავიღეთ კლიპი და შემდეგ გადავწყვიტეთ ალბომის გაკეთებაც. მადლობა „ბლექ სი არენას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც 24 აგვისტოს მოგვეცემა.

 

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, „სახის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება საიტზე: tkt.ge.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g