ექიმმა ფსიქიატრმა მაქს პემბერტონმა გაამხილა ხანგრძლივი სიცოცხლის 11 საიდუმლო, რომელიც მას 100 წლის მამაკაცმა, სახელად დენისმა გაუზიარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
სპეციალისტის თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლე დიდ წილად დამოკიდებულია მსოფლმხედველობაზე და არა ფიზიკურ მახასიათებლებზე. იმისათვის, რომ ადამიანმა 100 წლამდე იცოცხლოს, ყველაფერს პოზიტიურად უნდა უყუროს, არ უნდა შეადაროს თავი სხვა ადამიანებს და არ ეშინოდეს ცვლილებების.
ექიმმა აღნიშნა, რომ თავდაჯერებული ადამიანები მოდური ვიზუალის შენარჩუნებას ცდილობენ ხანდაზმულ ასაკშიც კი.
„დენისი ხშირად მიგზავნის ფოტოებს, სადაც ის ძალიან თანამედროვე ტანსაცმელშია გამოწყობილი – დაამატა მაქსმა. – ამ ტანსაცმელს მხოლოდ მოხუცებულთა სახლის პერსონალი და სხვა ბინადრები ხედავენ, თუმცა ეს ვის ადარდებს?“
ექიმი-ფსიქიატრის თქმით, ასაკოვან ადამიანებს რაღაც გატაცება უნდა ჰქონდეთ, რათა პენსიაზე გასვლის შემდეგ არ მოიწყინონ. გარდა ამისა, სასურველია სპორტი, თუმცა მხოლოდ ისეთი რომელიც სიამოვნების მომტანია: იქნება ეს ცურვა, სეირნობა ძაღლთან ერთად თუ გოლფის თამაში. გარდა ამისა, ახალგაზრდობის შესაგრძნობად, მოხალისეობაც კარგი იდეაა.
დენისი ასევე ყოველთვის ცდილობს გამოცადოს რაღაც ახალი, რათა გონება მუდმივად ავარჯიშოს. ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ასევე აუცილებელია სახლიდან ხშირად გასვლა, ახალი მეგობრების გაჩენა.
100 წლის მამაკაცის კიდევ ერთი საიდუმლო ალკოჰოლის მოხმარება გახდა. ექიმის აზრით, ასაკოვანი ადამიანებისთვის მცირეოდენი ალკოჰოლი სასარგებლოც კია, განსაკუთრებით კომპანიონთან ერთად. ეს დადებითად მოქმედებს მათ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და მარტოობისგანაც ათავისუფლებს.