რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ზურა მირზიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „დღეს“ პრემიერა შედგა.
ზურა, 3 წელი იყავი ემიგრაციაში, რამდენად რთული იყო ეს პერიოდი?
ზუსტად 3 წელი ვიყავი შვედეთში, სტოკჰოლმში. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი მეგობრები გავიჩინე იქ. ძალიან მიყვარს ყველა, ვინც იქ დავტოვე, მთელი ცხოვრება გულში მეყოლებიან ეს ადამიანები. როდესაც ემიგრანტი ხარ და სრულიად უცხო ადამიანი გიდგება გვერდში, დასაფასებელია. მეუბნებოდნენ, არ წახვიდე, დარჩიო, მაგრამ მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ რთული და ცუდი პერიოდი უფრო დიდი იყო, ვიდრე კარგი, მე მაინც კარგი უფრო მეტად მახსენდება.
საქართველოში გიცნობენ, უყვართ შენი სიმღერები, რთული არ იყო წასვლისას პოპულარობის, ამ ყველაფრის დათმობა?
იქ ყოფნის პერიოდში, პირველი, ხომ ძალიან მენატრებოდა საქართველო, ოჯახი და მეორე, ვიფიქრე იმაზე, რომ კი, ვიშოვიდი ფულს, მაგრამ დავკარგავდი იმ ყველაფერს, რაც იქამდე საქართველოში გავაკეთე… თუნდაც მუსიკის სფერო რომ ავიღოთ, ბავშვობიდან მოყოლებული, რამდენი სიმღერა ჩავწერე… ამ ყველაფერზე რომ ვიფიქრე, მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი.
მამა როგორ შეხვდა შენი წასვლის გადაწყვეტილებას?
ინერვიულა, თან ჩვენ ხომ გვაქვს ანსამბლი – „ანანური“ და ცოტა საქმეშიც დავაკლდი.
რა ხდება „ანანურის“ შემოქმედებაში, რა სიახლეებია თქვენს რეპერტუარში?
უფრო ხშირად ევროპაში დავდივართ, საქართველოში კონცერტები იშვიათად გვაქვს. ცოტათი განვაახლეთ ძველი სიმღერები.
ხარ „ორერას“ წევრიც, მოგვიყევი ანსამბლში არსებული სიახლეების შესახებ.
ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური არის. გიორგის დიდი გეგმები და იდეები აქვს ანსამბლთან დაკავშირებით. ვაპირებთ სიმღერების განახლებას, ვგეგმავთ, რომ უფრო დღევანდელ დღეზე მორგებული გავხადოთ რეპერტუარი. წინ დიდი მუშაობა გველის.
ვისაუბროთ სიმღერაზე „დღეს“.
ეს სიმღერა დაახლოებით 1 თვის წინ ჩავწერე. 5 წელია, ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ახალი არაფერი გამიკეთებია და ამ 5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ახალი სიმღერა ჩავწერე. მინდა, რომ კიდევ ბევრი სიმღერა ჩავწერო. სიმღერა მარიამ ლიკლიკაძეს ეკუთვნის. არანჟირება ირაკლი ჯოხაძესთან გაკეთდა.
ზურა მირზიაშვილი – დღეს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა მირზიაშვილი – პატარა გოგო
ზურა მირზიაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”