LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ქეთი ჩხეიძე ბებია გახდა: „ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს… პირველი შვილიშვილი შემეძინა!..“

1566
ქეთი-ჩხეიძე

მსახიობი ქეთი ჩხეიძე ზუსტად სამი თვის წინ ბებია გახდა. ეს მისი პირველი შვილიშვილია და შეგრძნებები კი, როგორც fortuna.ge-ს გაუზიარა, საოცარი.

ქეთი, ახლაც შვილიშვილი თქვენთანაა… როგორი ბებია ხართ?

ახლა სამი თვისაა, შემიძლია ხოლმე ცოტა ხნით დატოვება. ძუძუთი კვებაზეა და შუალედებში ვიტოვებ ხოლმე. ბებია სამი თვის წინ გავხდი და ეს ჩემი პირველი შვილიშვილია.

გილოცავთ!

დიდი მადლობა!

როგორი შეგრძნებაა?

დიდი ბედნიერებისა და უსაზღვრო სიხარულის შეგრძნებაა, თავიდან გამახსენდა ყველაფერი. ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო, შვილიშვილი ბიჭისგან შემეძინა.

რა განსხვავებაა დედობასა და ბებიობას შორის, თქვენი გადმოსახედიდან?

ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ უფრო მშვიდი ვარ. გავიარე უკვე რაღაც გზა და გიჟური დამოკიდებულება აღარ მაქვს, მაგრამ სიყვარული და გრძნობები ისევ ისეთია, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი. ჩართული ვარ მთელი ჩემი არსებით. ამაზე დიდი სიამოვნება, მე მგონი, არც არსებობს.

კარიერა და ოჯახი, მსახიობის შემთხვევაში, არცთუ მარტივი შესათავსებელია. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

ჩემ შემთხვევაში, ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს არ უშლის. პირადი ცხოვრების გარეშე კარიერა ვერ წარმომიდგენია. თითქოს ორი უმნიშვნელოვანესი მხარე აქვს ჩემს ცხოვრებას – ჩემი ოჯახი, შვილები, შვილიშვილი და ჩემი პროფესია. როცა ეს ორი რამ თავსდება და არის ყველაფერი კარგად, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.

დრო არ მოგიკლიათ რომელიმე სფეროსთვის?

გამიმართლა, როცა შვილები გამიჩნდა, მეხმარებოდნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, ბებიები. ხელიდან ხელში გადადიოდნენ ეს ბავშვები, თუმცა მე მუდმივად ვიყავი მათთან. მანამდე რუსთაველის თეატრში ვიყავი, მერე კი წამოვედი, თითქმის 10 წელი არ მიმუშავია, ამასობაში კი გაიზარდნენ ჩემი შვილები. მერე, როცა ძალიან მომენატრა და მივხვდი, რომ მინდოდა, საქმეს დავბრუნებოდი, შვილები უკვე წამოზრდილები იყვნენ და ხელი არ შემშლია.

10-წლიანი პაუზა ძალიან ხანგრძლივია ისეთი ქალბატონისთვის, რომელიც ნამდვილად დაბადებულია ეკრანისა და თეატრის სცენისთვის…

სიმართლე გითხრათ, იმ დროს ვერ ვგრძნობდი, რომ მე ამისთვის ვიყავი დაბადებული. ვერც ახლა ვგრძნობ (იცინის). მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მაშინ მით უმეტეს, არ ვფიქრობდი. მეგონა, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ დამთავრდა. როცა კვლავ მოვიდა დიდი სურვილი და მივხვდი, რომ ცხოვრება მიჭირდა ჩემი საქმის გარეშე, ისევ გამიღიმა ბედმა და მარჯანიშვილის თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესმა დამაბრუნა, ისევ მოვიდა როლები თეატრსა თუ სერიალებში. ის პერიოდი, როცა მოწყვეტილი ვიყავი სცენასა და ეკრანს, 90-იანი წლების მძიმე პერიოდი იყო. იყო ყველანაირი შიმშილი, პირდაპირი გაგებით. ყველა სფეროში მძიმე ვითარება იყო და ალბათ, ესეც მოქმედებდა ჩემზე. ისეთი დიდი აფეთქებები არ იყო შემოქმედებაში, რომ მეგრძნო, ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავი. მაშინ დამთავრდა ის ოქროს ხანა, რომელსაც მე მოვესწარი რუსთაველის თეატრში,მერე იყო გარდამავალი პერიოდი და მოვწყდი სიტუაციას…

ანუ იმ პერიოდთან დაკავშირებით სინანულის გრძნობა არ გეუფლებათ ხოლმე?

რუსთაველის თეატრიდან რომ წამოვედი, ალბათ, ვიყავი 27 წლის. რა თქმა უნდა, ქალისთვის სერიოზული ასაკია იმ მხრივ, რომ თითქოს ამ დროს იბადება ქალის როლები… მე დამაგვიანდა, მაგრამ რაღაც მაინც მოვასწარი (იღიმის).

თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ და წარმატებულ პერიოდებს როგორ იხსენებთ?

ალბათ, ყველაზე რთული იყო ის 10 წელიწადი, როდესაც ჩემს პროფესიას გამოთიშული ვიყავი, მაშინ ალბათ, ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ. მანამდე იყო ჩვენი ინსტიტუტის ჯგუფის ძალიან დიდი წარმატება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ჩვენი სპექტაკლები დიდი აღიარებით მიდიოდა. როცა მარჯანიშვილის თეატრში დავბრუნდი, იქ გავაგრძელე დაწყებული გზა და ეს იყო წარმატებული პერიოდის დასაწყისი.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ რომ მიგიწვიეს ბაქარის დედის როლის შესასრულებლად, გქონდათ ის შეგრძნება, რომ იმერელი ქალის ერთ-ერთ დაუვიწყარ ეკრანულ როლს შექმნიდით?

ამ სერიალში ეკა მჟავანაძემ მიმიყვანა და თავიდანვე გამაფრთხილა, რომ შეიძლებოდა, ჩემი გმირი მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გამოჩენილიყო. ჩვენ მეგობრები ვართ და მარჯანიშვილის თეატრში ერთად ვართ. ეკამ მითხრა, არ დაიწყო ახლა რაღაცებიო (იცინის). ეკას ვენდობი და სერიალში მონაწილეობას დავთანხმდი.

ფეხბურთის პერიოდშიც კი, იყო პოპულარული ამონარიდი სერიალიდან, სადაც თქვენი პერსონაჟის წივილ-კივილია ასახული… ეს როლი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას…

(იცინის) ეს არის ეპიზოდი, როდესაც ჩემმა შვილმა მოიყვანა ცოლი და ის გამოდის ტელევიზიით, სადაც ამბობს, რომ იყო მეძავი და შეუყვარდა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, რომელსაც ცოლად გაჰყვა. ჩემმა გმირმა კი მთელი სოფელი დაპატიჟა ამ ინტერვიუს სანახავად. რა თქმა უნდა, გიჟდება (იცინის).

თქვენი „გაგიჟება“ როგორია, თქვენი პერსონაჟისგან განსხვავებით?

მისი საწინააღმდეგო შემთხვევა ვარ. ბუნებით ასეთი ვარ, ემოციებს შიგნით ვატრიალებ. ეს ცუდია, რადგან ჯობია, უარყოფითი ემოციები გამოხატო, ეს ფსიქოლოგიაშიც ცნობილია, როცა შიგნით ინახავ და ცდილობ, არ შეგამჩნიონ, ზედმეტად არაფერი თქვა, შიგნით იბუდებს. თუმცა, ხასიათს ვერაფერს ვუზამთ. მშვიდი ვარ და შემიძლია უკიდურეს სიტუაციაშიც კი თავის შეკავება. ბევრჯერ მინანია, რა მოხდებოდა, დამეყვირა ერთი-ორი-მეთქი. „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ბევრი რამითაც მგავს. ქეთი დევდარიანმა არაჩვეულებრივად დაწერა ეს პერსონაჟი, მაგრამ ჩემთან ერთად ქმნიდა, მაკვირდებოდა, როგორ „ვძერწავდი“ მას. შემოქმედებითი ტანდემი შედგა… მნიშვნელოვანია, კარგი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.

არ გენატრებათ ნუნუკას გმირი?

როცა დიდი დრო გადის, კი. რაღაც პერიოდში ვგრძნობდი ხოლმე, რომ უნდა გავჩერებულიყავით, მაგრამ ქეთი უცებ მოიგონებდა სიახლეს და ისევ აქტუალური ხდებოდა. მე, ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ.

ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

უფრო მეტად, ქალიშვილი მეუბნება ხოლმე აზრს, ის ჩვენს სფეროშია და ელენე მეუბნება ხოლმე მოსაზრებებს, რა იყო კარგი და რა – ნაკლებად. რასაკვირველია, ვითვალისწინებ. ასევე მაინტერესებს ჩემი მეგობრების მოსაზრებებიც.

ოჯახისა და პროფესიის მიღმა, რას აკეთებთ, თავისუფალ დროს რით ირთობთ თავს?

რასაც ყველა – მეგობრებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მისწრაფებები. კულინარიასთან დიდად ვერ ვმეგობრობ. გემრიელი კერძების მომზადება მეხერხება, მაგრამ მეზარება, დიდად არ მიყვარს. როცა სტუმრებისთვის ვამზადებ იშვიათად, ძალიან დიდი სიხარულით ვაკეთებ ამას. ადრე ხატვა მიყვარდა, მაგრამ ახლა – აღარ. მაქვს აგარაკი, რომლის მოწესრიგებასაც დიდი დრო სჭირდება და რა თქმა უნდა, ამითაც ვარ დაკავებული.

10 წლის შემდეგ, როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარ თავი? აგარაკზე ხომ არ აპირებთ საცხოვრებლად გადასვლას?

აგარაკზე ალბათ არ გადავიდოდი საცხოვრებლად, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და უბანი, მთაწმინდა, სადაც გავიზარდე, მიუხედავად ყველა ცვლილებისა, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა, მაინც ძალიან მიყვარს. მიყვარს აქაურობა. აგარაკზე პერიოდულად, კვირაში ერთხელ ან მეტჯერ ჩავდივარ. ანანურში ისეთი ადგილია, რომ ახლოსაც არის ქალაქთან. როცა მინდა, იქ ვარ და როცა მინდა – აქ. ალბათ, 10 წლის შემდეგ, ისევ თეატრში ვიქნები. ჯერ არ აპირებენ ჩემს გაგდებას (იცინის). იმედი მაქვს, კინოშიც და ტელევიზიაშიც იქნება როლები.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g