ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი პოლიციამ გუშინ, დღის ბოლოს იპოვა.
ცოტა ხნის წინ გიუნელ გასანოვას მამამ სოფელ აფენის პოლიციის განყოფილება დატოვა. მან სამართალდამცველებს გატაცების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებლებმა გოგო ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს, დევნის ოპერაციას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ახორციელებდა, თუმცა ბიძის მტკიცებით, მათ დევნა შეწყვიტეს, რადგან მანქანა ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა.
ოჯახს კითხვები აქვს, როგორ მოახერხეს გამტაცებლებმა გაქცევა, როცა პოლიციამ 24 წლის ქალს მიაგნო. მათივე ცნობით, 24 წლის გოგო თელავის პოლიციის სამმართველოშია და ჯერჯერობით ოჯახთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ:
„თანამშრომლებმა გუშინ, დაახლოებით 10 საათზე იპოვეს. პოლიცია გოგოს ნახვის უფლებას ჯერ არ გვაძლევს. რაც ვიცი, მან საჩივარი დაწერა თუ როგორ მოიტაცეს, რა ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, რომ იარაღით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ რომ ნათესავებს მოუკლავდნენ…
დაგვპირდნენ რომ მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს. ჩვენი გოგო მოიტაცეს, როგორ უნდა ვაპატიოთ? რა ვაპატიოთ? გოგოს იტაცებენ, ცემენ, იარაღით ემუქრებიან, ზეწოლას ახორციელებენ, ეს როგორ ვაპატიოთ?! ვითხოვთ გამტაცებლის დაკავებას და მისი კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას“. – უთხრა „მთავარ არხს“ გოგოს ბიძამ.
ოჯახის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეიარაღებული გატაცებისა და უკანონოთ თავისუფლების აღკვეთის საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს არ ადასტურებს.
ოფიციალურად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.