გიორგი თორაძე, სასცენო ფსევდონომით თორჩო, ახლახან საზოგადოების წინაშე თავისი პირველი სინგლით წარდგა. სიმღერა ნათია ოქრუაშვილს ეკუთვნის, ხოლო ორიგინალური კლიპის რეჟისურა – ლეკო ჭყონიას. ვიდეორგოლმა, რომელიც, როგორც გიორგი fortuna.ge-თან ამბობს, ფაქტობრივად, მეგობრების დახმარებით და ნული ბიუჯეტით გადაიღო, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
გიორგი თორაძე, როგორც მსახიობი, მომღერალი და კარგი პლასტიკის მქონე არტისტი – სამივე მათგანი ვიდეორგოლში შესანიშნავად არის წარმოჩენილი.
გიორგის მაშინ შევეხმიანეთ, როცა „ჩვენ ბენდთან“ ერთად ლელა წურწუმიას კონცერტისთვის ემზადებოდა. ის ენაწყლიანად გვესაუბრა თავისი პირველი სოლოსიმღერისა და კლიპის შესახებ.
გიორგი თორაძე, თორჩო:
ამ პროექტსა და ვიდეოზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დროში გაიწელა, თუმცა ბევრი რამ გადაღებაზე სპონტანურად მოხდა. გაწელვის მიზეზი ფინანსების არქონა იყო, ბევრ კომპანიას მივმართეთ, საერთოდ ფინანსების გარეშე გადავიღეთ ბოლოს. ისეთმა კომპანიებმა გვითხრეს უარი, წარმოუდგენელი იყო… ამის გამო ძალიან ვღელავდი. სიმღერა ნათია ოქრუაშვილმა დაწერა ზუსტად ერთი წლის წინ. როგორც კი ჩავწერეთ, გაჩნდა კლიპის გადაღების იდეა, ამ ტრეკის ვიდეოს გარეშე გამოშვება დაგვენანა. როცა ფინანსები ვერ ვიშოვეთ, ჩემმა მეგობრებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი. არ მომწონს, როცა ვიღაცას რაღაცას უფასოდ ვაკეთებინებ, მაგრამ ასე გამოვიდა… და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.
ველოდი ასეთ გამოხმაურებას. თუკი აქამდე სადმე რამე გამიკეთებია, მგონია, რომ ამ ვიდეოში ყველაფერი ერთად შეიკრა. ვფიქრობ, ამ ვიდეოთი გარკვეული თამასა დავდეთ, რაც შემდეგი პროექტებისთვისაც იქნება განსაზღვრული.
შენი პლასტიკის შესახებ გვესაუბრე, რომელიც გასაოცარია კლიპში…
ტექსტი, მუსიკა – ნაჯოსია, ვიდეო – ლევან ლეკო ჭყონიასი. ერთადერთი, რაც მე მივიწერე, ქორეოგრაფიაა (იცინის). არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე რაღაცის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა დამისვა ქორეოგრაფიაზე კითხვა, რეალურად ის ჩემი მოფიქრებულია, ოღონდ არა დადგმული, აბსოლუტურად სპონტანურია, ეს გახლავთ მეექვსე დუბლი. ყველა ჯერზე სულ სხვადასხვა ქორეოგრაფია იყო, რაც იმ წამს მომდიოდა ტვინსა და სხეულში, იმას ვაკეთებდი. არც ის ხუთი დუბლი იყო ურიგო, სხვათა შორის, მაგრამ მეექვსე დავტოვეთ (იღიმის).
შენი გამორჩეული იმიჯი ვინმესთან კონსულტაციის შედეგად იქმნება, თუ, შენი, როგორც არტისტის, გამოძახილია?
ბავშვობიდან მაქვს დამოკიდებულება ჩემი სტილის მიმართ, რომელიც დროსთან და მოდასთან ერთად, სულ იცვლებოდა. ძალიან დიდ ინსპირაციას ვიღებ დედაჩემისგან, ის არის ჩემი მოდის მრჩეველი, კარგ რჩევებს მაძლევს ნებისმიერ ლუქთან დაკავშირებით, იქნება ეს საკონცერტო, სადაბადებისდღეო თუ სხვა რამ. ვიცი, რომ დედა ამ სფეროში კომპეტენტურია თავისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. დედა არის ჩემი Fashion adviser. გადაღებაზე ჩაცმულობაც სპონტანური იყო. როცა გადასაღებ მოედანზე მივედით, კი მქონდა სამოსი წაღებული, მაგრამ უცებ მივხვდი, რომ იქიდან არაფრის ჩაცმა არ მინდოდა. ჩემი და რუსკა მაყაშვილის უახლოესი მეგობარი, მარიამ სუჯაშვილი გადაღებაზე გვეხმარებოდა, ვიდეოშიც ჩანს, ერთ პატარა კადრში, როცა რაღაცას მაწვდის… მარიამს ეცვა ეს შარვალი, რაც კლიპში მე მოვირგე. ვთხოვე, მარიამ, ეგ შარვალი გაიხადე, მე უნდა ჩავიცვა-მეთქი…
მოკლედ, გადასაღებ მოედანზე მაგიური რაღაცები ხდებოდა. არავინ, მათ შორის, არც გამნათებლებმა, არ იცოდნენ, რას ვაკეთებდით, თუმცა თუკი სადმე რამე მინახავს და ამას გულწრფელად ვამბობ, ერთ-ერთი საუკეთესო განათებაა. აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, მოგვყვებოდა განათება მუსიკალურად და იქით, სადაც პერსონაჟი წაიყვანდა…
არტისტებს ძალიან უხარიათ კოლეგების კარგი შეფასებები. ყველაზე მეტად რა კომპლიმენტმა და ვისგან გაგახარა?
არ დავასახელებ კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ყველაზე მეტად რა კომპლიმენტმაც გამახარა, ის იყო, რომ სხვა თამასა დავდეთ ვიდეოსთან დაკავშირებით და ეს არის MTV-ს დონის კლიპი. დღეს, ალბათ, რა კლიპებსაც იღებენ საქართველოში, უფრო ერთფეროვანი და ერთგვაროვანია. ეს კომპლიმენტები ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, მიხარია, რომ ქართულენოვანი სიმღერა ყოფილიყო და გაამართლა. ყველაზე მეტად ისიც მომეწონა, რომ კომპეტენტური ადამიანები მწერენ, გიორგი თორაძე „ევროვიზიაზეო“…
ანუ სიამოვნებით გახვიდოდი ამ კონკურსზე?
რატომაც არა?! ამ ჭრილში პრეტენზია ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ძალიან მესიამოვნა, ასე რომ დამინახეს.
ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა… ინტერვიუს დროს მამულიჩას ხმა მესმოდა, რა ხდებოდა?
რა ხდებოდა და არ მაცდის ცხოვრებას, დადის და ჯუჯღუნებს (იცინის) ეს არის ცუდი კაცი. კონცერტებზე, სცენაზეც აღარ გვესმის, იმხელა ხმაზე კივის. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ძალიან ბედნიერები ვართ ერთად მუშაობით, გვიხარია, როცა ზაფხული მოდის, რადგან ერთად უნდა გავატაროთ დრო. ყოველი პარასკევი, შაბათი კონცერტები გვაქვს. ვისვენებთ, ვმუშაობთ, ერთად ვატარებთ დიდ დროს. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ლელა და მამულიჩა ძალიან კომფორტული ადამიანები არიან. სულ ველოდებით ამ პერიოდს, რომელსაც ერთად ვატარებთ. ზაფხულში ვალაგებთ უდიდეს ჩემოდნებს და ბათუმში გადმოვდივართ საცხოვრებლად. აქ ვართ ხოლმე დაახლოებით ორი თვე.
სცენაზე და სცენის მიღმაც აშკარად კარგად ერთობით. თორჩო შენი სასცენო ფსევდონომია?
შეიძლება, ასე არ მეტყობა ვიდეოებიდან, რომლებსაც ნახულობთ, მაგრამ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, სანამ რამეს გადავწყვეტ (იცინის). ყველა ჩვენგანი, ალბათ, ცდილობს, წარმატებული პერსონაჟი შექმნას. გიორგი თორაძემ როგორი პერსონაჟიც შექმნა ამ დრომდე მიღებული საკუთარი გამოცდილებით, ეს არის თორჩო, ვისი ვიდეოც იხილეთ სულ მცირე ხნის წინ.
საზღვარგარეთ ბედის ცდაზე ხომ არ ფიქრობ?
ეს, მგონია, ისეთი რამ არის, რაზეც ყველა ქართველი არტისტი ფიქრობს. აქ ნამდვილად ძალიან რთულია შენი პროფესიით იცხოვრო და იყო კმაყოფილი. შესაბამისად, მიფიქრია და ვფიქრობ ახლაც, აქამდეც მქონდა მეტი შესაძლებლობა და შანსი, რომ წავსულიყავი, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში?! ჯერჯერობით აქ ვარ და მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. არ გამოვრიცხავ წასვლასაც, მაგრამ თუ ოდესმე წავედი, აუცილებლად უკან დავბრუნდები. ჩემი ჯგუფიც, „ქუინთესენსი“, რომელიც ათი წელი ფუნქციონირებდა, ამერიკის ძალიან ბევრ შტატშია ნამყოფი, უამრავ ევროპულ ქვეყანაში, გვქონია ბევრი მოწვევა, მაგრამ არ წავედით არსად დასარჩენად და მაინც, ჟარგონულად უნდა ვთქვათ, „ვაწვებოდით“ ქართულ მუსიკას, საქართველოში ყოფნას. საქართველო ისე გვენატრებოდა ყველას, რომ მაინც უკან ჩამოვდიოდით.
ვნახოთ, ცხოვრება საით წამიყვანს. მუსიკის გარდა, ბევრ სხვა რაღაცასაც ვაკეთებ. ოქტომბრიდან ბევრი საინტერესო პროექტი გელოდებათ ჩემს გულშემატკივრებს. აქამდე არ მითქვამს, მაგრამ სამსახიობო მიმართულებით უამრავი სიახლეა. ვიწყებ სპექტაკლზე მუშაობას იტალიელ რეჟისორთან, რომელსაც „ბიენალეზე“ ჯილდო აქვს აღებული. ოქტომბერში ასევე იქნება სერიალის პრემიერა, სადაც მაქვს ეპიზოდური როლი, მაგრამ ეს იქნება ჩემი პირველი გამოჩენა სერიალების სამყაროში.
ინტერვიუ: ნინო მურღულია