ვერიკო ტურაშვილს შემოქმედებით ცხოვრებაში მცირე პაუზა გამოუვიდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ბენდთან ერთად ახალ რეპერტუარზე მუშაობდა, ასევე აქვს რამდენიმე ახალი სიმღერაც და კლიპიც, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს.
ვერიკოსთვის, პროფესიული ცხოვრების მიღმა, ძალიან მნიშვნელოვანია დედობა – როგორც თავად ამბობს, თავისი ორი ქალიშვილისთვის დედაც თავად არის და მამაც…
ვერიკო ტურაშვილი:
ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე, ბენდთან ერთად საკონცერტო მოღვაწეობისთვის ვემზადები. ვფიქრობ, ახლა უკვე არის დრო, რომ ეს ყველაფერი გამოვიტანო საჯაროდ. გამოვა ჩემი ახალი სიმღერა, რომელზეც გადავიღე ვიდეორგოლი. ეს არის თემო საჯაიას სიმღერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დამიწერა. არის მსუბუქი სიმღერა…
ხომ არ გაქვს მოლოდინი, რომ შენი და თემოს დუეტის წარმატებას გაიმეორებს?
თითქოს ენერგიით ჰგავს იმ სიმღერას. ზუსტად ასეთი მინდოდა და თემომ დამიწერა ისეთი კომპოზიცია, რომელიც მე მჭირდებოდა.
რამდენიმე აზერბაიჯანული სიმღერა ჩაწერე, ეს პროექტი დასრულდა?
ვფიქრობ, ჩემთვის ეს ჟანრი ძალიან ორგანულია. ეს კონკრეტულ პროექტს არ ემსახურებოდა, თუმცა მაქვს კიდევ ორი სიმღერა, რომელიც მოისმენს მსმენელი.
შეიძლება ითქვას, რომ გქონდა გარკვეული შემოქმედებითი პაუზა?
ასე შეიძლება ითქვას. ყველა ადამიანს სჭირდება დრო, როცა ცდილობ, აკეთო მუსიკა და არა რიგითი სიმღერები. ჩემს საქმეს რუდუნებით ვეკიდები. ეს დროც მჭირდებოდა იმისთვის, რომ რაღაც ახალი მომეფიქრებინა.
სიყვარულზე სიმღერებს ხშირად ასრულებ. ობიექტი არსებობს, ვისაც უმღერი?
არ ვუმღერი კონკრეტულ ობიექტს, ვფიქრობ, ჩემს ხმას უხდება, ქართულად ისედაც სხვა თემებზე ნაკლებადაა სიმღერები (იღიმის).
ვერიკო, გემოვნება რამდენად შეგეცვალა პირად ფრონტზე?
კონკრეტული კრიტერიუმებით არასდროს ვხელმძღვანელობდი, თუმცა დღეს მაქვს ის მოცემულობა, როცა ზუსტად ვიცი, რა მჭირდება. მეორე ნახევრის გვერდით ჩემი თავი მჭირდება, როგორიც მომწონს…
ორი გოგონა გყავს, რომელთა შორის 11 წელია სხვაობა. ლიზას როგორ ზრდიდი და ნატაშკასთან ხომ არ შეიცვალე მიდგომები, როგორც მშობელმა? მკაცრი დედა ხარ?
ლიზა წუწუნებს ხოლმე ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, როცა ლიზა შემეძინა, უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენდი. მაგალითად, დავამთავრებინე მუსიკალური სასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მინდოდა ეს, ვიდრე მას. ნატაშკასთან არ მოვეშვი, მაგრამ უფრო მეტად ვუსმენ, მას რა სურს… ჩვენს სახლშიც დედაც მე ვარ და მამაც, ყველაფერს მე ვაკონტროლებ, ლიზა უკვე დიდი გოგოა და დამოუკიდებელია. ლიზა არის გონიერი ადამიანი, მასთან რაღაცების არ მეშინია. მასთან უფრო მოვეშვი, სიმკაცრის ელემენტები შეიძლება მქონდეს, მაგრამ არა დიდი დოზით.
ხომ არ გიფიქრია, რომ როგორც მშობელმა, შვილებს ყურადღება დააკელი?
ჩვენი პროფესია დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, მაქსიმალურად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რომ ბოლომდე ვიყო ჩართული შვილების ცხოვრებაში. სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთე, მაგრამ მგონია, მაქსიმუმი შევძელი.
ამაზე ვიცინი ხოლმე, რაც უფრო ბევრი საქმე მაქვს, მით უფრო ბევრს ვასწრებ, მეტად პროდუქტიული ვარ, მეტის გაკეთების ინსპირაცია მაქვს, ვალაგებ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა.
საკუთარ თავზე ზრუნვა რომელ ადგილზეა?
უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, უფრო მეტად შევძლებდი, რომ მოვეშვა, დავისვენო, რაც შემოქმედ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ, მაგრამ პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ჩემი შვილები და ჩემი პროფესია…
ინტერვიუ: ნინო მურღულია