კომპანია Ferrari-სა და ბრაზილიის მკვიდრის სასამართლო პროცესი, რომელიც სუპერქარი F40-ის რეპლიკას უკავშირდებოდა, მე-5 წელია გრძელდება. იტალიური ბრენდი მამაკაცს ბრალს საავტორო უფლებების დარღვევასა და უკანონო შემოსავლის მიღებაში სდებდა. პროცესის დაწყებიდან მალევე, ხელნაკეთი ავტომობილი გაანადგურეს. მიუხედავად ამისა, Ferrari-ს იურისტებს დიდი იმედი აქვთ, რომ ავტომოყვარულისგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.
ბრაზილიის მკვიდრმა, სახელად ხოსე სიკეირამ Ferrari F40-ს ასლი 2017 წელს ააგო, თან ჯართში ნაპოვნი ნაწილებისგან. ხელნაკეთი კუპე ენთუზიასტმა 1997 წლის Toyota Camry-ის ძრავით დააკომპლექტა.
მამაკაცის თქმით, რეპლიკის შექმნა მან იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსგავს ავტომობილზე ყოველთვის ოცნებობდა და მანქანისგან შემოსავლის მიღება მისი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. ამასთან, ავტომობილის აგებიდან ერთი წლის შემდეგ ბრაზილიელმა ის გასაყიდად გამოიტანა. თუმცა, როგორც ის ამბობს, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა, რადგან მისი სტომატოლოგიური კაბინეტი გაძარცვეს და სტომატოლოგი სამსახურის გარეშე დარჩა. F40-ის გაყიდვის განცხადება Ferrari-ს თანამშრომლებმა ნახეს და სასამართლო პროცესიც ამ მომენტიდან დაიწყო.