რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ს სტუმარმა კომპოზიტორმა და ავტორ-შემსრულებელმა ნატო გელაშვილმა 3 მარტს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, კომპანია „სპარკსის“ ორგანიზებით გაიმართება და დედის დღეს მიეძღვნება.
ნატო გელაშვილი
კონცერტი, რომელსაც შვილებთან ერთად გავმართავ, მართლაც დედის დღეს მიეძღვნება. როცა შეთავაზება მივიღეთ, უარი ვერ ვთქვით, რადგან ჩავთვალეთ, რომ წელიწადში ერთი დღე მაინც უნდა იყოს განსაკუთრებული, როცა ყველა დედა კარგ განწყობაზე იქნება და ბედნიერად იგრძნობს თავს. მიხარია, რომ ბევრი ფიქრობს ასე, რადგან ერთ კვირაში გაიყიდა ყველა ბილეთი. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, უამრავ ნაცნობთან და ახლობელთან მოგვიწია ბოდიშის მოხდა, რადგან ვერ შევძელით კონცერტზე მიწვევა, თუმცა გავითვალისწინეთ პუბლიკის სურვილი, ამიტომ 5 მარტს კიდევ ერთი საღამოს მოწყობა გადავწყვიტეთ. იმედი გვაქვს ყველა ისიამოვნებს, ვისაც ნატო და „ჭოხოები“ უყვარს და ვისაც მთელი გულით უნდა ჩვენთან ყოფნა. მით უფრო, რომ კონცერტში ზუკა და ანსამბლი „ჰერიოც“ მიიღებს მონაწილეობას, ვის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი საღამოები.
ძალიან საინტერესო პროგრამა მოვამზადეთ. მართალია, თავიდან სულ სხვა გეგმები გვქონდა, მაგრამ იმდენი ძველი სიმღერა გაიხსენეს ჩვენმა თაყვანისმცემლებმა, რომ მივხვდით საჭირო იყო ძველი ჰიტების გაცოცხლება, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული ინტერპრეტაციით წარვუდგენთ პუბლიკას. ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს მსმენელს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, რადგან სხვაგვარად უბრალოდ ვერ შეიყვარებდა ჩემს მუსიკას. მინდა ყველა გავახარო, რადგან უამრავი სიურპრიზი ელით კონცერტზე, თვითონაც გაოცებული ვარ, იმდენად საინტერესო გამოვიდა ძველი სიმღერების ახალი ვერსიები.
რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ნამუშევარი ძალიან მიყვარს, თუმცა სიმღერა „ჩამჭიდე ხელი” მაინც გამოირჩევა დანარჩენებისგან, რადგან გასული წლებისგან განსხვავებით ახლა უკეთ მესმის რას ნიშნავს „ხელის ჩაჭიდება“. ვფიქრობ, თუ ერთი ადამიანი მაინც გყავს, ვისაც ხელს ჩასჭიდებ და აღარ გაუშვებ, მაშინ ნამდვილად ღირს ცხოვრება. მიხარია, რომ სიმღერამ პოპულარობა მოიპოვა, ამიტომ აუცილებლად შევასრულებთ კონცერტზე.
სხვამ განსაჯოს რამდენად ჰიტია „ჩამჭიდე ხელი“, რადგან ჩემთვის ცოტა გაუგებარია ჰიტის მნიშვნელობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიმღერა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვის ძალიან დროული აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე არაფერს არ ვწერ, მე მხოლოდ „გამტარი“ ვარ, რადგან ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ეს სიმღერაც და მისი ემოციაც ზუსტად განსაზღვრულ დროს გამოგვიგზავნა. ვფიქრობ, მთავარი არა სიმღერის გაჰიტება, არამედ მსმენელის განწყობაა, რომელიც ისეთივე სიყვარულით მიიღებს სიმღერას, როგორითაც დაიწერა.