საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. აღნიშნული სიახლე ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საქართველოს, უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის დაწყების მიზნით, კორეის ცენტრალური ბანკის და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი არა აზიური ქვეყანაა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.
პროექტი ეფუძნება კორეის ცენტრალური ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას გადახდების მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან და ფინტექ კომპანიებთან.
პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.