LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და მომენტი“ – ფილმს, „შავი შაშვი ჩიო-ოო-და..“, რომლის პრემიერამაც იაპონიაში დიდი წარმატებით ჩაიარა, ქართველი მაყურებელი 19 ნოემბერს იხილავს

419
გიორგი-ჭუმბურიძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის და საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „შავი შაშვი ჩიო-ოო-და..“ რეჟისორი, გიორგი ჭუმბურიძე და მსახიობი, ირაკლი კავსაძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ფილმის გადაღების პროცესზე და იდეაზე ისაუბრეს. ფილმს, რომლის პრემიერამაც იაპონიაში დიდი წარმატებით ჩაიარა, ქართველი მაყურებელი 18 ნოემბერს იხილავს.

გიორგი, სად და როდის შედგება ფილმის „შავი შაშვი ჩიო-ოო-და..“ პრემიერა?

გიორგი: პრემიერის გაკეთება „რუსთაველის თეატრში“ გადავწყვიტეთ, რადგან საკმაოდ დიდი დარბაზია. ყველას უნდა, რომ ამ პრემიერას დაესწროს. პრემიერაზე, 18 ნოემბერს, 19:00 საათზე გეპატიჟებით.

როგორ შეიქმნა ფილმი „შავი შაშვი ჩიო-ოო-და..“ ?

გიორგი: როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა, ხოსემ სცენარი გავაკეთეთ, ხელში ჩაგვივარდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილის პატარა ბროშურა, სადაც იგი ბაბუას იხსენებს და შემდეგ, ამის მიხედვით ავაგეთ სცენარი. შევიტანეთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში და გავიმარჯვეთ პროექტით, ამ სცენარით. შემდეგ, კულტურის სამინისტროც ჩაერთო ამ პროექტში. მოვახერხეთ და დავამთავრეთ ეს ფილმი, ასე ვთქვათ, სრულყოფილ დონემდე მივიყვანეთ.

ირაკლი, როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი და რას ნიშნავს თქვენთვის ამ ფილმში მონაწილეობა?

ირაკლი: ამ ფილმის გადაღების დრო და პერიოდი სრულიად ზღაპრული და ფანტასტიკური იყო, რადგან ჩვენ მარტო ფილმს არ ვიღებდით, ვმოგზაურობდით, მაგალითად, წავედით გურიაში, ერქომაიშვილების საგვარეულო საფლავზე, ვნახეთ საოცარი ადგილები. საოცრად ემოცური იყო ეს ყველაფერი და ვიტყოდი, რომ აუცლებელიც, რადგან ეს მდგომარეობა, ეს ამბავი, თითქოს, გეხმაება შენი საქმის კეთებაში.

ბატონ არტემ ერქომაიშვილის როლი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს ცხოვრებაში, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა ვითამაშო, რა მთავარი როლიც არ უნდა შემომთავაზონ, არტემ ერქომაიშვილის სახე, რომელიც მე გიორგიმ მომანდო, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი არაჩვეულებრივი, საოცარი მეგობრები მიშო ჯავახიშვილი, ზურა ჩხაიძე, ტრისტან სიხარულიძე. გადაღებების პერიოდი ზეიმი იყო. ჩვენ მარტო კინოს არ ვიღებდით, ისტორიასაც ვყვებოდით. გადაღებების პერიოდმა საოცარი კვალი დატოვა ჩემში. ეს იყო ადამიანებს შორის ურთიერთგაგების უმაღლესი მწვერვალი, ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ურთიერთობას და მიხარია, რომ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში დარჩნენ. დიდი მადლობა გიორგის, რომ ამ საოცარ ზღაპარში ერთად ვიმოგზაურეთ.

გიორგი: მადლობა ირაკლის. მართლა ძალიან კარგი გუნდი შეიკრა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გულით, სულით თავისი ენთუზიაზმით, სიყვარულით ჩაერთო ამ ამბავში და ჩვენ ერთად შევძელით ამ ფილმის გაკეთება. მადლობა მიშო ჯავახიშვილს, რომელიც მოგეხსენებათ, ბატონ ანზორის მოსწავლე გახლდათ, ასევე ზურა ჩხაიძეს, ტრისტან სიხარულიძეს, ლევან ნინიძეს. 

როგორ შეირჩა ფილმის სახელწოდება, რატომ „შავი შაშვი ჩიო-ოო-და..“ ?

გიორგი: ჩვენ ფილმში გვყავს ანიმაციური გმირი, ეს არის შაშვი, რომელიც აერთიანებს და კრავს სიუჟეტს. შაშვი ეს არის ერთგვარი მოგონებების სიმბოლო, ის დაფრინავს ბატონი ანზორის გარშემო და მას ახსენებს სხვადასხვა პერიოდს, ბავშვობის, გურიის, ახალგაზრდობის, სხვადასხვა გამარჯვებების, მიღწევების…

გახლავთ ასეთი სიმღერა „შავი შაშვი ჩიოდა“, რომელსაც არტემ ერქომაიშვილი და მისი ძმები ასრულებდნენ ხოლმე და რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ასეთი სათაური გამოვიტანეთ.

ფილმის პრემიერამ საოცარი წარმატებით ჩაიარა იაპონიაში. მოგვიყევით პრემიერაზე და თქვენს სამომავლო გეგმებზე.

გიორგი: დიახ, 9 ოქტომბერს, იაპონიაში გვქონდა ფილმის პრემიერა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „შემოქმედებით საქართველოს“, რომელიც გვერდში დაგვიდგა და მოხდა ჩვენი დელეგაციის ტოკიოში გამგზავრება. ფილმის პრეზენტაცია საქართველოს საელჩოში მოეწყო. ფილმის პრემიერა იაპონიაში იმის გამო შედგა, რომ ჩვენ იაპონიაში გვინდა რამდენიმე სცენის გადაღება. არის ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და მომენტი, რომელსაც ბატონი ანზორი თავის მოგონებებში წერს, თუ როგორ მეგობრობდა იაპონელ ხალხთან. ბატონი ანზორი თავის ანსამბლთან, „რუსთავთან“ ერთად იმყოფებოდა იაპონიაში და ჰქონდათ გასტროლები. გვინდა, რომ ეს მეგობრობა და ისტორიები ავსახოთ ფირზე და შემდეგ, ამ მოკლე ფილმს, რაც უკვე არსებობს შევმატოთ, ასევე დავამატოთ რამდენიმე ეპოზოდი საქართველოში. ფილმმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია, მოგეხსენებათ, იაპონელი ხალხი ძალიან დიდ პატივს მიაგებს კულტურას, ტრადიციებს.

ბატონი ანზორის ღვაწლი ფასდაუდებელია. წლევანდელი წელი საიუბილეოა და ჩვენ სწორედ ამ წელს, მის ხსოვნას მივუძღვენით ეს ფილმი. ამ ყველაფერში პირდაპირ ღმერთის ხელი ურევია, მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ბატონი ანზორის შესახებ ფილმი გამეკეთებინა.

აქვე, უნდა აღვნიშნო, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის მეუღლის, ქალბატონ ლალი სეთურიძის გვერდში დგომა, მიწევდა კონსულტაციებს და ყველანაირად მეხმარებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g