უნგრეთში მდებარე ბენედიქტელთა სააბატოს ბიბლიოთეკა, სადაც ასობით ათასი ფასდაუდებელი ხელნაწერი და წიგნი ინახება, კვლავ გაიხსნა. გასულ წელს ის დახურული იყო ე.წ. „პურის ხოჭოს“ შემოსევის გამო – ეს მწერი მარცვლეულით, ფქვილითა და სანელებლებით იკვებება, თუმცა მას იზიდავს ძველ წიგნებში გამოყენებული ჟელატინისა და სახამებლის წებოც.
მწერები გეგმური დასუფთავების დროს აღმოაჩინეს – თანამშრომლებმა ჯერ თაროებზე უცნაური მტვერი შენიშნეს, შემდეგ კი წიგნების ყდებზე პატარა ხვრელები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხოჭოებმა გვერდებშიც გააკეთეს ხვრელები. ეს ყველაფერი იმ განყოფილებაში მოხდა, სადაც ბიბლიოთეკის 400 ათასი ტომის მეოთხედი ინახება.
100 ათასი წიგნი თაროებიდან ჩამოალაგეს და ჰერმეტულ პაკეტებში მოათავსეს, ჟანგბადის გარეშე. სამი თვის შემდეგ თითოეული წიგნი შეამოწმეს და მტვერსასრუტით გაწმინდეს, რათა მწერების კვალი სრულად მოეშორებინათ. დაზიანებული წიგნები რესტავრაციისთვის გაგზავნეს. მხოლოდ ასე მოხერხდა უნიკალური არტეფაქტების გადარჩენა.

სააბატო 996 წელს დაარსდა – უნგრეთის სამეფოს ჩამოყალიბებამდე ოთხი წლით ადრე. ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთში, მაღალ ბორცვზე მდებარე ეს ადგილი უძველეს წიგნთა კოლექციას ინახავს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.
1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სააბატო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი მთავარი რელიგიური და კულტურული ცენტრი იყო. მან გადაიტანა ომები და უცხოური ინტერვენციები – მათ შორის ოსმალთა შეჭრა და ოკუპაცია XVI საუკუნეში.
ბიბლიოთეკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია 19 კოდექსი, მათ შორის XIII საუკუნის ბიბლია. აქვე ინახება რამდენიმე ასეული ხელნაწერი, რომლებიც ბეჭდვის გამოგონებამდე შეიქმნა, ასევე ათიათასობით წიგნი XVI საუკუნიდან.
რესტავრატორები ამბობენ, რომ ხოჭოების შემოსევის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა – უნგრეთში დათბობის გამო მწერები წელიწადში რამდენჯერმე მრავლდებიან, რის გამოც მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძველი და იშვიათი გამოცემები ცალკე ინახებოდა და არ დაზიანებულა, ბიბლიოთეკაში მიაჩნიათ, რომ კოლექციისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი ქვეყნის კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე დარტყმაა.
სააბატოში დღემდე მოქმედებს წესების სისტემა, რომელიც თითქმის 15 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. ის ავალდებულებს, რომ ბიბლიოთეკა ისეთივე ზრუნვით უნდა ინახებოდეს, როგორც „საკურთხევლის წმინდა ჭურჭელი“.