LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი უნდა გაიაფდეს? მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა

109
ქირიას NEWS შაბლონი (9)

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა – ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმების შესახებ, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას უკავშირდება.

ბაზრის რეაქცია სწრაფი და მასშტაბური აღმოჩნდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გლობალურ ბაზარზე 5.5%-ით დაეცა და ბარელზე 97.90 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI 5.9%-ით შემცირდა და 90.93 დოლარამდე ჩამოვიდა. ინვესტორებმა ეს ცვლილება პირდაპირ დაუკავშირეს დეესკალაციის მოლოდინს და რეგიონში მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების პერსპექტივას.

საფონდო ბაზრებზეც ოპტიმისტური განწყობა დაფიქსირდა, აზიის ბირჟებზე ინდექსები გაიზარდა, მათ შორის იაპონიაში Nikkei 225-მა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 65,000 ქულას, რაც ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკული კრიზისის შემცირების მოლოდინით აიხსნება.

მედიის ცნობით, ვაშინგტონი და თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ, რაც გლობალური ნავთობის მიწოდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტის სტაბილიზაციას ნიშნავს. პარალელურად, Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტანკერებმა სრუტის დატოვება დაიწყეს, რაც ბაზარზე მიწოდების რისკების შემცირების სიგნალად აღიქმება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე არა მხოლოდ ფასების ვარდნა, არამედ მოლოდინების ცვლილებაა, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება და რეგიონში გადაადგილება სრულად აღდგება, ენერგეტიკული ბაზრები შეიძლება გადავიდეს შედარებით სტაბილურ ფაზაში, რაც პირდაპირ შეამცირებს საწვავის ფასებს გლობალურად.

საწვავის გაიაფების პერსპექტივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავიაციისა და ტრანსპორტის სექტორისთვის, რომლებიც ბოლო თვეებში მაღალი ხარჯების გამო ძლიერ ზეწოლას განიცდიდნენ. თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდა, ანალიტიკოსები ბილეთების ფასების ნაწილობრივ შემცირებასაც არ გამორიცხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g