LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელი მეცნიერები: ბუნებაში დროის გატარება ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ მიღებაში ეხმარება

105
ქირიას NEWS შაბლონი

ვენის უნივერსიტეტისა და ავსტრიის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბუნებაში გატარებული დრო ადამიანებს არა მხოლოდ განწყობას უუმჯობესებს, არამედ საკუთარ გარეგნობასთან დამოკიდებულებასაც უცვლის.

კვლევის მიხედვით, ტყეში სეირნობის, წყლის პირას დასვენების ან თუნდაც პარკში მცირე დროის გატარების შემდეგ ადამიანები საკუთარ სხეულს უფრო პოზიტიურად აღიქვამენ და ნაკლებად ადარებენ თავს არარეალისტურ სილამაზის სტანდარტებს.

მეცნიერების თქმით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ გრძნობენ ადამიანები ბუნებაში ყოფნის შემდეგ თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად, ისინი არა მხოლოდ ისვენებენ, არამედ საკუთარ თავსაც ნაკლებად აკრიტიკებენ.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ბუნება შინაგანი დაძაბულობისა და შფოთვის შემცირებაში ეხმარება ადამიანს, რის შემდეგაც უარყოფითი ფიქრებიც სუსტდება.

მათივე თქმით, ქალაქის გარემოში ადამიანი მუდმივად კონცენტრირებულია – მართავს მანქანას, გადაადგილდება გადატვირთული ტრანსპორტით, დადის საყიდლებზე და ყოველდღიურად უამრავ გამაღიზიანებელ ფაქტორზე რეაგირებს. ეს ყველაფერი ტვინს ღლის.

ბუნება კი სხვაგვარად მოქმედებს: ფოთლების შრიალი, წყლის ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი ყურადღებას ძალდატანების გარეშე იპყრობს. მეცნიერები ამ მდგომარეობას „კოგნიტიურ სიჩუმეს“ უწოდებენ. სწორედ ეს ეხმარება ადამიანს მოდუნებაში და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში.

მკვლევრები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ ეს ეფექტი მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებულ ევროპულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის. მათი აზრით, თუ ქვეყნები მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელმისაწვდომ გზებს ეძებენ, ბუნებრივი გარემო ჯანდაცვის, განათლებისა და ურბანული დაგეგმარების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.