LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეაპოლის მუზეუმში უსინათლო ვიზიტორებმა ექსპონატები შეხებით „დაათვალიერეს”

105
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ბაროკოს ეპოქის ცნობილ კაპელა სან-სევეროს მუზეუმში, უსინათლო და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის სპეციალური ექსკურსია გაიმართა. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ხელოვნების ნიმუშები შეხებით „დაეთვალიერებინათ“.

ექსკურსიისთვის მუზეუმში სკულპტურებთან არსებული დამცავი ბარიერები დროებით მოხსნეს. დაახლოებით 80-მა ვიზიტორმა ლატექსის ხელთათმანებით მარმარილოს ქანდაკებები ხელით შეისწავლა.

მუზეუმის მთავარი ექსპონატი – ჯუზეპე სანმარტინოს სკულპტურა „ქრისტე სუდარაში“ მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნამუშევრად მიიჩნევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თხელი მარმარილოს „სუდარა“, რომელიც ქრისტეს ფიგურას ფარავს. გიდების თქმით, თითქმის შეუძლებელია იმის გაგება, როგორ შეძლო სანმარტინომ ქვისგან ასეთი ეფექტის შექმნა.

მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ როდესაც ვიზიტორები სკულპტურას ეხებოდნენ, მათ თითქოს „სუდარის ქვეშ არსებული ძარღვების პულსაციაც“ კი იგრძნეს.

პროექტის მიზანი მხოლოდ უსინათლო ვიზიტორებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა არ ყოფილა – ორგანიზატორებს სურდათ, ხელოვნება ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ და არსებული ბარიერები მოეხსნათ.

ექსკურსიისთვის მუზეუმის გიდებმა წინასწარ დეტალურად შეისწავლეს ყველა ექსპონატი და საგანგებოდ დაგეგმეს, რა თანმიმდევრობით უნდა გასცნობოდნენ სტუმრები ქანდაკებებს. გარდა ამისა, მუზეუმმა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სპეციალური ბუკლეტიც მოამზადა.

ღონისძიება ნეაპოლის უსინათლოებისა და მხედველობადაქვეითებულთა კავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა. კაპელა სან-სევეროში ახლა მსჯელობენ იმაზე, რომ მსგავსი ექსკურსიები ყოველწლიურ ტრადიციად აქციონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები