ცნობილმა ტიუნინგ ატელიემ Brabus-მა აზერბაიჯანში უძრავი ქონების მასშტაბური პროექტი დააანონსა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ესკიზების მიხედვით, ბაქოს შემოგარენში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი – Brabus Island Baku აშენდება.
პროექტი დაახლოებით 115 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსში განთავსდება 592 აპარტამენტი, იქნება როგორც სტუდიები ისე ორსართულიანი რეზიდენციები, ასევე 16 დამოუკიდებელი ვილა.
საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ფიტნეს-ცენტრები და სპა-სივრცეები.
კომპანიის განცხადებით, როგორც შენობების ექსტერიერი, ისე ინტერიერის დიზაინი სრულად Brabus-ის საფირმო სტილში შესრულდება. პროექტის ღირებულება და ბინების ფასები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა საცხოვრებლების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.
Brabus-მა აზერბაიჯანი პროექტისთვის შემთხვევით არ შეარჩია. კომპანიის შეფასებით, ბაქო საერთაშორისო კულტურული და თანამედროვე ელიტური ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრად ყალიბდება, ხოლო აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად მიიჩნევა.

მანამდე კომპანიამ მსგავსი პროექტი – Brabus Island აბუ-დაბიშიც წარადგინა. აბუ-დაბის კომპლექსი მასშტაბებით უფრო დიდია და იქ დაახლოებით ასამდე ვილის მშენებლობა იგეგმება.
