რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა – „მატარებელი“ წარუდგინა.
გიორგი, მოგვიყევი შენს უახლეს ნამუშევარზე, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
სტუდენტობის პერიოდიდან, ამ სიმღერას სალომესთან ერთად კვირაში რამდენჯერმე ვუსმენდი, შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენი სიყვარულის ამბავიც რაღაცნაირად ამ სიმღერას უკავშირდება.

რამდენი წელია, რაც შენ და სალომე ცოლ-ქმარი ხართ?
10 წლის იუბილე შეგვისრულდა და ზუსტად ამ 10 წლის იუბილეს მივუძღვენით ამ სიმღერის გამოსვლა.
დიდი ხანია მინდა ამ სიმღერის გაცოცხლება. თეატრალურში ყველა მღეროდა ხოლმე, როცა სტუდენტი ვიყავი და მეც ვმღეროდი, ძალიან გვიყვარდა, ოღონდ ავტორი ვინ იყო, არ ვიცოდით, ძალიან დიდი ხანი ვეძებდით. რამდენიმე ვერსია მქონდა, ვისიც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო ეს სიმღერა, შევეხმიანე მათ, მაგრამ არა, ვერ მივაკვლიეთ ავტორს. მერე, გავრისკეთ, მოდი, იქნებ, გავაკეთოთ ეს სიმღერა და მერე, იქნებ, ავტორიც გავიცნოთ-მეთქი და მართლაც, აღმოვაჩინეთ გიორგი ბასილაია, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც 19 წლის იყო, როცა ეს სიმღერა დაწერა და იმღერა. ძალიან საინტერესოა, ძალიან სილაღეა ამ სიმღერაში და ალბათ, ჩემთანაც ახლოსაა.
შემდეგ, ყველაფერი მაინც ვერსიასთან მიდის, რაც არ უნდა იყოს, მაინც ყველაფერი გაჟღერებაზეა დამოკიდებული, როგორ შეიძლება, გრძნობდეს მუსიკოსი, ვოკალისტი, როგორი არანჟირება, მიქსინგი შეიძლება იყოს.
ნელ-ნელა დავიწყეთ ყველაფერი. მერე, ჩვენი მეგობრები დაგვიდგნენ გვერდში. მერე, ვიდეო გადავიღეთ და საბოლოო ჯამში, ასეთი რამ გამოვიდა.
რაც შეეხება არანჟირებას, ისე მოხდა, რომ კონკრეტულ ადამიანს არ აუღია თავის თავზე სიმღერის არანჟირება… მე და მიშო კვინიკაძე დავსხედით ჩემთან სახლში და დავიწყეთ პირველადი ამბების მოხაზვა, კლავიშზე ჩავწერეთ რაღაც-რაღაცები… მერე, უჩა მეტრეველი შემოგვიერთდა, უნიჭიერესი და საამაყო მუსიკოსი. შემდეგ, მერცია ქუთათელაძე ჩაერთო მიქსინგის ამბავში, რომელმაც თავისი შტრიხები შეიტანა. არ შეიძლება, კობა მესხია რომ არ ვახსენო, ვოკალის უბადლო გამჟღერებელი. ასევე, დავიხმარეთ გიორგი ვაშაყმაძე. მახო ჯანელიძე და ტატო იაშაღაშვილი, რომლებიც კლიპშიც არიან, ჩემი ბენდის ბიჭები ყველა ჩემს სიმღერაში ჩემს გვერდით არიან და ფაქტობრივად, ყველა სიმღერას ერთად ვაკეთებთ.
დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ „საქართველოს რკინიგზას“, რადგან მატარებელში გადავიღეთ ვიდეო. ყველაზე უჩვეულო ვიდეოა. კლიპი გიორგი დეკანოიძემ გადაიღო.
არ მინდოდა, რომ ზედმეტად მონდომებული, ზედმეტად გადაპრანჭული, პომპეზური ვიდეო ყოფილიყო. მინდოდა, რომ ყოფილიყო სადა ვიდეო, სადაც უბრალოდ აღვწერდით ჩვენს ემოციებს.

როგორ შეაჯამებდი თქვენი თანაცხოვრების 10 წელს?
მართლა ისე გავიდა ეს დრო, რომ ვერც კი წარმომიდგენია, რომ 10 წლის იუბილე აღვნიშნეთ, რაღაც ძალიან მალე გავიდა ეს ყველაფერი და იმიტომ გავიდა მალე, რომ ყოველთვის რაღაცა სხვადასხვა ამბებს ვთავაზობდით ხოლმე ურთიერთობაში ერთმანეთს და ყოველთვის იყო ის რაღაცა საზრდო, ერთნაირი არასდროს არ ყოფილა არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში. მერე, საერთოდ ნენე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და იმანაც ყველაფერი შეცვალა, გადაგვაფასებინა ბევრი რამ. ახლაც, თითქოს რაღაც ახალი ეტაპი გვაქვს, ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ახალი.
შენი გადმოსახედიდან, როგორი მამა ხარ?
მე ყოველთვის კრიტიკულად ვარ ხოლმე ჩემი თავის მიმართ განწყობილი, როგორც ოჯახში, ისე კარიერაში, ყველაფერში და კი, ვაკრიტიკებ ჩემს თავს და უფრო მეტს ვთხოვ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ, არ არსებობს, რომ ნენე ასეთი ყოფილიყო, ჩვენ რომ რაღაც-რაღაცები არასწორად გაგვეკეთებინა. არ ვიცი, ალბათ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ძალიან ამაყი ვარ და ყველაზე ძალიან მიხარია, როცა ნენესგან სილაღეს და ბედნიერებას ვხედავ. რაღაც-რაღაცებში ჩემზე ჭკვიანია უკვე, ვგიჟდები… რაღაცები რომ ძალიან არასწორად იყოს, ალბათ, ესეც არ იქნებოდა, თუმცა უკეთესად და უფრო მეტი დრო რომ დავუთმოთ, კიდევ უფრო მეტად რომ გავაკეთოთ რაღაც-რაღაცები ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

სალომესთვის გაკეთებული ერთი გამორჩეული საჩუქარი რომ გაიხსენო…
ძალიან რთული კითხვაა… ძვირფასი საჩუქრები, რომ მანქანა, ტელეფონები ვაჩუქოთ ერთმანეთს, მე დიდად არ მიყვარს, თუმცა არის ხოლმე ასეთი ამბებიც. უფრო გვიყვარს ხოლმე, მაგალითად, „არაფრის კეთების დღეს“ ვეძახით დღეს, როცა არაფერი არ ხდება და საყვარელ ადამიანს საჩუქარს აჩუქებ, თუნდაც, რაღაცა ძალიან სიმბოლურს… ასეთი საჩუქრები ყველაზე მეტად უყვარს მასაც და მეც… როცა არ ველოდებით. მაგალითად, თაიგულს რომ მივუტან ხოლმე, ძალიან უხარია და ასეთი რაღაცებით უფრო ვახარებთ ერთმანეთს. სხვათა შორის, თუ ძვირიანი საჩუქარი მაჩუქა, სულ ვეჩხუბები ხოლმე, რატო მაჩუქე-მეთქი. როცა რაღაც სიმბოლურს მაჩუქებს უფრო მიხარია ხოლმე.

თეატრის კუთხით რა სიახლეებია, რაიმე პრემიერა ხომ არ იგეგმება?
შემოდგომაზე ვგეგმავთ ახალ სპექტაკლს, ახლა, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით, რადგან ბევრი პროექტი იყო.
როგორია სამომავლო გეგმები?
ახლა, ძირითადად ზაფხულის სეზონი არის დატვირთული, რამდენიმე კონცერტი გვაქვს ამ თვეში, ორი თბილისში, ერთი ახალციხეში. ასევე, გვაქვს ბევრი დახურული ღონისძიება.

ძალიან ბევრ სფეროში გაქვს გამოცდილება, ხარ მსახიობი, მომღერალი, წამყვანი… ხომ არ არის რაიმე ახალი სფერო, რაზეც ფიქრობ და სამომავლოდ, ახალ ამპლუაში ხომ არ გიხილავთ?
არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, სიახლეები ძალიან მიყვარს, რადგან თითქოს, ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, თუმცა ძველის გაქრობა არ მიყვარს, რადგან რაც ჩემია, ჩემია, მაგრამ ახლის დამატება მიყვარს ხოლმე.
გიორგი ცხადაძე – „მატარებელი“