ამერიკულმა კომპანია Hyman-მა გასაყიდად გამოიტანა უნიკალური Bugatti Type 101C – ავტომობილი, რომელიც ბრენდის ისტორიაში ბოლო კლასიკურ Bugatti-დ ითვლება და კომპანიის 1952 წლის გაკოტრებამდე შეიქმნა.
ავტომობილის ფასი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, მისი ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს შეიძლება აღწევდეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Bugatti-მ საქმიანობის აღდგენა სცადა და Type 101-ის მხოლოდ შვიდი შასი დაამზადა. მოდელი ლეგენდარული Type 57-ის თანამედროვე ინტერპრეტაციად იყო ჩაფიქრებული, თუმცა კონსერვატიულმა კონსტრუქციამ ბაზარზე დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია.

1961 წელს ეს შასი კერძო კოლექციონერმა შეიძინა, მოგვიანებით კი პროექტით ცნობილი ამერიკელი ავტომობილების დიზაინერი ვირჯილ ექსნერი დაინტერესდა.
ექსნერის პროექტით ავტომობილი მთლიანად გადაკეთდა – შასი დამოკლდა, სავალი ნაწილი დაიწია, ხოლო სრულიად ახალი ძარა და ინტერიერი იტალიურმა სტუდია Carrozzeria Ghia-მ შექმნა. განახლებული ავტომობილის პრემიერა 1965 წელს ტურინის ავტოშოუზე გაიმართა.

დიზაინით Bugatti Type 101C მკვეთრად განსხვავდება ბრენდის სხვა კლასიკური მოდელებისგან. როდსტერს ამერიკული სტილის ექსტრავაგანტური ფორმები აქვს, თუმცა ორიგინალური 3.3 ლიტრიანი, კომპრესორიანი რიგითი რვაცილინდრიანი ძრავა უცვლელად არის შენარჩუნებული.
ძრავა დაახლოებით 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ავტომობილი მოგვიანებით განსხვავებული გადაცემათა კოლოფითაც აღიჭურვა.

გამყიდველის ინფორმაციით, ეს უნიკალური Bugatti დღემდე თითქმის პირვანდელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. გამონაკლისს მხოლოდ შეცვლილი მავთულისებური დისკები წარმოადგენს. ავტომობილს არასოდეს გაუვლია სრულფასოვანი რესტავრაცია და თითქმის 40 წელი კერძო კოლექციაში ინახებოდა, საიდანაც ახლა პირველად გამოვიდა გასაყიდად.