LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota და BMW ავტომობილებს ნარჩენებისგან წარმოებულ საწვავზე გამოცდიან

109
1428x1428 (3)

Toyota-მა და BMW-მ ალტერნატიული ენერგიის მიმართულებით ახალი ერთობლივი პროექტი დაიწყეს. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიები ავტომობილებს ე.წ. განახლებად საწვავზე გამოცდიან, რომელიც ნარჩენებისა და სხვა განახლებადი რესურსებისგან იწარმოება.

პროექტისთვის საწვავის მიწოდებას ესპანური ენერგოკომპანია Repsol უზრუნველყოფს.

ექსპერიმენტის მთავარი მიზანია დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ასეთი საწვავის დღევანდელი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ყოველდღიურ ექსპლუატაციაში ფართოდ დანერგვა.

კვლევის ფარგლებში საწვავის სრული ციკლი – ავტოგასამართ სადგურზე მიწოდებიდან ავტომობილში გამოყენებამდე, Bosch-ის მიერ შექმნილი ციფრული სისტემით გაკონტროლდება.

იგივე სისტემა ავტომობილის ყოველდღიური გამოყენების პირობებში საწვავის რეალურ მოხმარებასაც დააფიქსირებს. მიღებულ მონაცემებს შემდგომი ანალიზისთვის გამოიყენებენ.

პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიები შეაფასებენ, რამდენად ეფექტიანად ამცირებს სინთეზური, განახლებადი ბენზინი ტრანსპორტის გავლენას გარემოზე.

Toyota და BMW მიიჩნევენ, რომ მსგავსი საწვავი შესაძლოა ელექტრიფიკაციის მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდეს. მათი შეფასებით, შიდა წვის ძრავების სრულად ჩანაცვლების ნაცვლად, ეკოლოგიური საწვავის გამოყენებამ შეიძლება მავნე გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შეამციროს, არსებული ავტომობილებისა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პირობებში.