LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი… წვალებაში გავზარდე შვილები და სიმწრით გაზრდილი შვილი წამართვეს, რომ აღარ იყოს „ირინა ენუქიძე-3“, სწორედ ამიტომ არ მოვისვენებ, სანამ ყველას არ ვაგებინებ პასუხს“ – გიგა ავალიანის დედის ინტერვიუ

532
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლოს მიერ რამდენიმე პირის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს – ნია იმ­ნა­ძე­ს და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს წა­უ­ყე­ნა. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ედება ბრალი, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ უმაღლეს სასჯელს ითხოვს. როგორც ეკა კუპატაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ისინი, ვინც უდანაშაულო ადამიანს სასტიკად კლავენ, ყველასთვის საშიში არიან და მათ აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებს პასუხს.

ამავე ინტერვიუში, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ დაამტკიცებს, რომ მის შვილს ცილს სწამებენ.

ვიდეო: „წამოვიდა საუბარი იმაზე, რომ გიგამ ნია იმნაძეს მარტოს აღუდგინა გაკვეთილი და ახლა ვთქვათ, რატომ ვერ მოხდებოდა ეს…“ – ეკა კუპატაძე

„ზოგიერთი ამბობს, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ეკას მოთხოვნით იჭერენ ახალგაზრდებსო. თუკი ეკას მოთხოვნით იჭერენ, 20 ოქტომბრიდან მოვითხოვდი ნია იმნაძის დაჭერას, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? ათი თვე დასჭირდა კარგად შეფუთული, მიჩქმალული და კარგად ჩაფარცხული საქმის გამოძიებას. ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად – ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო. ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა. მათ ყველაფერი მოიშორეს – ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები… ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში… მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა…

…მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩემი შვილი იმნაძეს ავიწროებდა, მე კი დავამტკიცებ, რომ ჩემს შვილს ცილს სწამებენ. მეცადინეობის დროს გიგა სკამზე არც ერთხელ არ დამჯდარა, მოშორებით, სპეციალურ სავარძელში იჯდა და რომც ნდომოდა, სახეს სახესთან ვერ მიუტანდა გოგონას. იმ ადვოკატს პროკურატურიდან გამოგდებული მისი ცოლი ხომ არ ჰგონია ვინმე?!

ექსპერიმენტი უნდა ჩავატარებინო – დასხდნენ ისე, როგორ დისტანციაზეც ისხდნენ მასწავლებელი და მოსწავლე, გიგას ადგილას დავსვამ და მიუტანოს თავი თავთან, რასაც გიგას აბრალებენ. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური მერხები და სკამები, რათა მოსწავლეებსაც კი ერთმანეთი არ შეეწუხებინათ. მე დავამტკიცებ, რომ ეს არის ტყუილი, ადვოკატის გამოგონილი და მან დააწერინა იმნაძეს. ორივე მოსამართლემ უთხრა, თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ, მოიტანეთ, გვიჩვენეთო. გარდაცვლილს რასაც უნდა, იმას დააბრალებენ. ეგრე არ არის, უნდა დაამტკიცონ. თუ გიგა პედოფილი იყო, 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს და ამასობაში, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო ფაქტი. იცით, ამით რა დაამტკიცეს? იმნაძემ მართლა წააქეზა გაბაშვილი, თურმე ვერ მოაშორა დედ-მამამ, დამრიგებელმა და მოაშორა გაბაშვილმა. მას წაქეზებას ედავებიან და ამ არგუმენტით ადვოკატი იმეორებს რა მის ნათქვამს, აძლიერებს ეჭვს, რომ მართალია პროკურატურა და მართლა წააქეზა კრიმინალი. ჩვენ მაგას ვედავებით იმნაძეს, თორემ იმას კი არა, შეკვეთა მისცა, წადი და მოკალიო“, – ამბობს ეკა კუპატაძე.

ამავე ინტერვიუში ეკა კუპატაძე აღნიშნავს: „ რომ აღარ იყოს „ირინა ენუქიძე-3“, სწორედ ამიტომ არ მოვისვენებ, სანამ ყველას არ ვაგებინებ პასუხს.

„მე და ნიკა ვათენებთ და ვაღამებთ გიგას საფლავთან. მან იცის, რომ სამართალმა იზეიმა და მისი სული მოსვენებულია.

ნიკა ორი წლისაც არ მყავდა და გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი. არ ვგულისხმობ ყველასგან მიტოვებულს, ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, ძმები… შვილები მეუღლის სოფელში გავზარდე და იქაც ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი გულიანი მეზობლები. შვილები მარტომ გავზარდე, მაგრამ არა ყველასგან მიტოვებულმა. ვინც არ უნდა გედგეს გვერდით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მაინც დედას აქვს. ასე წვალებაში გავზარდე შვილები და სიმწრით გაზრდილი შვილი წამართვეს… მე რომ ჩემი თავისა და ძალის, ჩემი უკომპრომისობის იმედი არ მქონოდა, ამ ბრძოლაში არ შევიდოდი და ჩემი შვილისთვის გარდაცვალების დღეს თავს მოვიკლავდი, ჩემს შვილს მიწაში არ გავუშვებდი და სახლში არ შემოვიდოდი, თბილ ლოგინში არ დავწვებოდი, თუმცა ახლაც არ მძინავს.

მე ვიცოდი, სადაც შევდიოდი და ყველანაირ ბინძურ ბრძოლასაც ველოდი. მე ვიბრძვი და გიგას სიმართლე იმარჯვებს. ბრძოლაში ზურგს მიმაგრებს სრულიად საზოგადოება და ამიტომ ვარ ასეთი გაძლიერებულიც. მეც ადამიანი ვარ და ბევრჯერ დავეცი, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერამ წამომაყენა.

მე ხალხი მასწავლის ბრძოლას, გლოვას, სიმართლისთვის ვიბრძვი. ხალხი ხვდება, რომ ჩვენ მკვლელებს ვებრძვით. ვინც ახლა ამათ თავზე ხელს უსვამს, ისინი მკვლელებზე არანაკლებ საშიშები არიან“, – ამბობს ეკა კუპატაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.

„იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა – თუ გამოჩნდება ასეთი, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ! თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!“ – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. 6 აგვისტოს კი ბრალი წაუყენეს.

იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება. ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვან გოგოებს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა. გიგა ავალიანის საქმის პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ნია იმნაძის სახლში ფარული მიყურადებით იქნა მოპოვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები