LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოკლე პერიოდში იმდენი მოვახერხეთ, რომ ჩავწერეთ დუეტი, თითო სოლო სიმღერა და ეს კიდევ დასაწყისია…“ – დათუნა მგელაძე და დიმასი სიმღერის პრემიერით და სამომავლო გეგმებით „არ დაიდარდოში“

160
დათუნა-მგელაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათუნა მგელაძე და დიმკა თეიმურაზოვი, დიმასი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „თქვი“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა, თანამშრომლობა?

დათუნა: ჩვენ მეგობრობა დავიწყეთ ძალიან ღრმა ბავშვობიდან, ღრმა 90-იანებიდან, სადაც ერთადერთი ნათელი წერტილი გვქონდა – ერთმანეთი და მუსიკა. მუსიკამ გაგვაერთიანა, ჩვენი გართობა იყო, რომ ვუსმენდით ე.წ. CD-ს, ფირფიტებს, განვიხილავდით და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ეს იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა ჩვენ მუსიკალურად გავიზარდეთ. დიმა ჩემი ღრმა ბავშვობის მეგობარია, ძმა არის და ძალიან მიხარია მისი დაბრუნება. ჩვენ არცერთი წუთი და არცერთი წამი არ გაგვიწყვეტია მეგობრობა… რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში მაკლდა, ძალიან მინდოდა, რომ ჩამოსულიყო, მაგრამ ასევე ძალიან ვგულშემატკივრობდი და მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მან ძალიან დიდი გზა განვლო, მუსიკისგან არასდროს ყოფილა შორს, იქაც მუსიკას აკეთებდა, მაგრამ შენი მაინც შენკენ გექაჩება. მიხარია, რომ დიმა ჩვენთან იქნება და ძალიან მაგარი ახალი სიმღერით გაგვახარებს.

დიმკა, როგორც ვიცი გარკვეული მიზეზების გამო სამჯერ ვერ მოახერხე წასვლა…

დიმკა: კი, სამჯერ გადაიდო ჩემი რეისი. ასე მასწავლეს, ნიშნებს უნდა დაემორჩილოო… ერთხელ რომ გადაიდო, კარგი, შეიძლება, რომ რაღაც არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ გადაიდო…

დათუნა: კარის მეზობლები ვართ და ამ შემთხვევაში, მე ვიყავი ყველაზე სასაცილო, გავაცილებ და მეორე დღეს სახლში მხვდება.

როგორია შემოქმედებითი სიახლეები, სამომავლო გეგმები?

დათუნა: ამ მოკლე პერიოდში იმდენი მოვახერხეთ, რომ ჩავწერეთ დუეტი, თითო სოლო სიმღერა და ეს კიდევ დასაწყისია. ჩვენი გეგმა არის, რა თქმა უნდა, ალბომი, ცალკე დიმასი, ცალკე ჩემი, იქნება ერთობლივი სიმღერაც. პარალელურად, ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ გავაკეთოთ საერთო ბენდი.

დიმკა, როგორი იყო შენთვის ოცი წელი საქართველოს გარეშე?

დიმკა: მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან დიდი მუსიკალური გამოცდილება მივიღე. სხვადასხვა მომღერლებთან, მუსიკოსებთან მქონდა პროექტები. ასე ვთქვათ, ბენდების პროდიუსერი ვიყავი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „თქვი“.

დიმკა: სიმღერა საქართველოში ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე დაიწერა.

დათუნა: დიმას ჰქონდა იდეა, რომ მისამღერში უნდა ყოფილიყო – თქვი და მივხვდით, რომ ჩვენით ამას ვერ გავართმევდით თავს და ჩვენს მეგობარს, მანჩო გურგენიძეს დავურეკეთ. დიმა რომ ჩამოვიდა, ერთ კვირაში ტექსტი უკვე მზად იყო.

დათუნა მგელაძე & დიმასი – თქვი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათუნა მგელაძე & დიმასი. “პრემიერა თაკოსთან”