ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, – ეს განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, რითაც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარტიის დატოვების სურვილი აქვს, მისი ნებაა და ამ კონტექსტში ისიც გაიხსენა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის შემადგენლობაში იყო, მაგრამ შემდგომში პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.
“პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას – ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ დატოვონ გუნდი!“ – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.