განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის მომხდარში სახელმწიფოს, მშობლებს, მასწავლებლებს და საზოგადოებას ადანაშაულებს.
“მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.
მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.
ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ გადახედავთ ხოლმე როგორი უზრდელი თაობაა, ხმამაღლა რომ იცინიან, კედლებს როგორ ხატავენ, უცნაურად როგორ იცვამენ რომ იქნებ რამე გაგაგებინონ. ვერასდროს ვერ გაიგეთ და თქვენ უმრავლესობაში ხართ.
ბავშვებო, შეწუხდით თქვენი თანატოლის სუიციდზე? თქვენ ხართ, ძველი ტანსაცმლის, განსხვავებული გემოვნების ან უცნაური ხასიათის გამო რომ ბოლომდე შეგიძლიათ გაწიროთ ადამიანი და თან წიხლიც მიაყოლოთ. ამას გასწავლიან ყველგან, დაჩაგრე თორემ დაგჩაგრავენო და ამ დაჩაგრულს არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.
სახელმწიფოვ, არადა რა კარგად დავზოგეთ ფული სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგიურ სერვისებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მასობრივ სპორტზე. არ იყო პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამომრჩეველი ბიულეტენის აღების დროს არ ფიქრობს, აბა ვინ რა გაუკეთა ჩვენს ბავშვებსო და რას ვიზამთ, ისინი უმრავლესობაში არიან” – წელს ჩარკვიანი.
"რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს" - "მწვანე სკოლის" დირექტორი
მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე.
სალომე ჩარკვიანს “ფორტუნა” დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სკოლებში საგანგაშოდ მძიმე მდგომარეობაა. იმის მიუხედავად, რომ არსებობს სერვისები, მაგალითად მანდატურის სამსახურს აქვს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი, ეს არ არის საკმარისი.
პრობლემა სკოლებში
“ძალიან მძიმე მდგომარეობაა საგანმანათლებლო სფეროში, განსაკუთრებით სკოლებში. დღეს, საშუალო სტატისტიკით, მასწავლებელი ვეღარ ეკონტაქტება ბავშვს. დღევანდელ ბავშვებს სულ სხვა ინტერესები აქვთ, სხვა მოთხოვნები, ესენი არიან ტექნოლოგიების ბავშვები. ამ დროს კი მათ მასწავლებლებს კომპიუტერის ჩართვის სურვილიც არ აქვთ. კომუნიკაცია ამ დონეზეც რომ ვერ დგება, მასწავლებელი კარგავს ავტორიტეტს, პატივისცემას ბავშვის თვალში და შემდეგ იწყება კონფლიქტი. მასწავლებელი ხშირად მოსწავლეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს: “შე უზრდელო, თავხედო, სად გაიზარდე, ტყეში გაიზარდე” და ა.შ. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ძალიან ხშირია. ყველა სკოლა დგას პრობლემის წინაშე. მასწავლებლებმა არ იციან როგორ მიუდგნენ ბავშვებს, როდესაც მათ გამომწვევი ქცევა აქვთ, პროტესტს აგრესიით გამოხატავენ, იქნება ეს თანაკლასელის, პედაგოგის თუ საკუთარი თავის მიმართ აგრესია. მასწავლებლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან როგორ მოიქცნენ და დახმარების ნაცვლად ბავშვს მეტად აზიანებენ.”
პრობლემა სისტემაში
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. თითოეული ბავშვი დაბადებიდან არ მხოლოდ ოჯახებს, არამედ სხვდასხვა უწყებებს: განათლების სამინისტროს, სპორტის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ა.შ. ეკუთვნით. ადამიანები ამ უწყებებიდან ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. წყვეტილი სისტემები გვაქვს. ერთმანეთს არ ვეკონტაქტებით და ამ დროს ბავში იკარგება. მაგალითად, სოციალური მუშაკი ამბობს რომ მე არ მაქვს რესურსი ამ ბავშის მისახედად, წაიყვანოს მშობელმა მიხედოს, მშობელი ამბობს, რომ მე თუ არ ვიმუშავე ბავშვი შიმშილით მომივკდება, რა ვქნა არ მაქვს საშუალება მეტი ყურადრება მივაქციო, ამ დროს კი მოზარდს რომელსაც ყურადღება სჭირდება ზარალდება და თავის თავთან და პრობლემებთან მარტო რჩება”.
მოზარდის ფსიქოლოგია
“ბავშვში აგრესი ჩნდება მძიმე სოციალური ფონის დროს. შეიძლება ჰქონდეს ფული, რომ ჩაიცვას, მაგრამ როცა დილიდან ღამემდე მშობლები გასულები არიან და ყურადღება, მორალური მხარდაჭერა აკლია აგრესიული ხდება. სხვას თუ მეტი აქვს მას ნაკლები და ბულინგის მსხვერპლი ხდება, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, მაშინ განსაკუთრებით მწვავდება მისი ფსიქოლოგიური მდგომაროება. მშობელს თუ არ აქვს საშუალება სპორტზე ატაროს, დაგროვილი ენერგია აუცილებლად გადაიზრდება აგრესიაში. ისედაც ამ ასაკში მოზარდის ორგანიზმში ტესტოსტერონის იმატებს, ამ პერიოდში ბავშვში ისედაც იწყება დუღილი, პროტესტი სამყაროს მიმართ. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ყველგან ასეა. ნორმალურ საზოგადოებები ამას ებრძვიან პრევენციებით, ხელმისაწვდომია სპორტი, ჩვენს ქვეყანაში როგორ ხდება, არსად არ არის ასეთი ძვირი თუნდაც აუზი, ფიტნეს დარბაზი… არსად როგორც აქ. შესაბამისად ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვზე.”
პრობლემა ოჯახში
“პრობლემაა ოჯახშიც, თუნდაც ის ფაქტი, რომ კვლევის მიხედვით, ქართველ დედებს ბავშვის ცემა ან თუნდაც მათზე ფსიქოლოგიური ძალადობა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, პრობლემად არ მიაჩნიათ. ასევე ფსიქოლოგური ძალადობა გენდერული მიკუთვნებულობის ნიშნით, “ბიჭი ხარ და როგორ შეიძლება ასე რომ იქცევი” ან “გოგო ხარ და ეს როგორ შეიძლება”, ბავშვი ვერ აკეთებს იმას რაც სურს, იმიტომ რომ საზღვრები დაუდგინეს, რაც მასში პროტესტს და აგრესიას ზრდის.
მეორე მხრივ მშობლები სცოდავენ სხვის შვილებთანაც. განათლების სისტემაში ვმუშაობ და ვიცი რამდენი მშობელი ჩხუბობს ხოლმე, როდესაც შვილის კლასელი არ მოსწონს, ერთიანად აბუნტდებიან ხოლმე: “გადაიყვანეთ”, “მოაშორეთ”. ვერ ხვდებიან, რომ ეს გამოსავალი არ არის.
როდესაც მშობლებს ვეუბნები, იქნებ მოვაგვაროთ ამ ბავშვების სიტუცია, ასე მპასუხობენ: დაგვეხმაროს მაშინ სახელმწიფო, სისტემა. მოგვცეს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, თერაპევტი, გააძლიეროს ჩემი ოჯახი სოციალურად და კი ბატონო. სისტემა ამ დროს ვერაფერს პასუხობს”.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის სუიციდის მცდელობას წინ უძღოდა “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მისი მოწმის სახით დაკითხვა.