LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი სამართალდამცველების მიერ ელისო კილაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიებას ითხოვს

36

პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს თავად შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული დავით ხარშილაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

“სახალხო დამცველის აპარატის „ცხელი ხაზის“ რეაგირების ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დ.ხ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მოინახულა. წარმომადგენლის მისვლისას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მიმდინარეობდა დ.ხ.–ს დაკითხვა, ადვოკატის და პროკურორის მონაწილეობით. დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკავებულს აუღეს ნიმუში საექსპერტო კვლევისთვის, გაატარეს ნარკოლოგიური შემოწმება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაკავებულთან იმყოფებოდა.

ნარკოლოგიურიდან დაბრუნებისას, პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფმა დაკავებულის მხარდამჭერთაგან ერთ–ერთმა შეძახილით მიმართა პოლიციელს. პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ ამ პოლიციელმა დაკავებულთან უკმაყოფილება გამოხატა შეძახილის გამო და დაკავებულის თანდასწრებით ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა შეძახილის ავტორს, რომელიც იყო დაკავებულის ახლობელი. სწორედ ამ ფაქტს  შეესწრო უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში (2017 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში) და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.

რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება,“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g