გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, გივი ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
დაკრძალვას მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები, უბრალო მოქალაქეები დაესწრნენ. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძეც.
”გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს. გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება”, – განაცხადა გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, კახი კავსაძემ.
მსახიობი რამდენიმე დღის წინ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.