კულტურის ახლადდანიშნული მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ შეეცდება გაიგოს, საიდან მოდის მათი განსხვავებული აზრი”. აღნიშნული განცხადება წულუკიანმა “POS TV”-ის ეთერში გააკეთა.
„თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.
მისივე თქმით, კულტურის სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ სიმპათიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
“ასეთები სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან. მკაფიოდ არტიკულირებენ ამ პოზიციებს, სახელი და გვარების დასახელება არ მინდა. მე არცერთ ამ პოზიციას არ ვეთანხმები, თუმცა წლების განმავლობაში მუშაობენ იმ სტრუქტურებში, რომლებსაც სახელწიფო აფინანსებს,” – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე “როგორი იქნება თქვენი მიდგომა მათდამი?” – წულუკიანი აცხადებს, რომ მას მსგავსი შემთხვევა, როდესაც იუსტიციის სამინისტროში ჰქონდა, რამდენიმე კადრი გაათავისუფლა, რომლებიც “ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ”.
“თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე”, – განაცხადა წულუკიანმა.