ეკა ხოფერია გიო ხუციშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მომღერალს იხსენებს… დღეს მისი გარდაცვალებიდან სამი წელი შესრულდა.
ეკა ხოფერია:
„დღეს 3 წელი გავიდა გიოს გარდაცვალებიდან, ეს ბოლო ფოტოა „სითიმენის” ყდისთვის რომ ვიღებდით.
ახლა იცით, რას ვფიქრობ? გიოს გამოვემშვიდობეთ მაინც. ვხედავდით ხან ქუჩაში, ხან ეკრანზე, ხანაც იმ საღამოს, ფილარმონიაში ყველა რომ ყელში ბურთგაჩხერილები ვიდექით… მერე ისეთი დრო წამოვიდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით. რამდენი საყვარელი და ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა… ამ ბოლო დროს ყველა ერთმანეთს ეკითხება, შენც გიჭირს ემოციურად, ხომ? გიჭირს კი არა, ძალებს იკრებ, ყოველ დღე რომ არ გადაირიო და რომ არ დაყარო ფარ-ხმალი…
ვახო ფხაკაძე, ირაკლი ჭანტურია, კახი კავსაძე, გურამ დოჩანაშვილი, სოფო შუბლაძე, ბენგალო… რეზო გაბრიაძე… დათო ციციშვილი… მე ბიძა დავკარგე სულ ახლახან… შიშით ვეღარ ხსნი „ფეისბუქს“, რამე კიდევ ერთი საშინელი და ცუდი ამბავი არ გაიგო. ამას წინათ ჩემი მეგობარი, მაკა გიორგობიანი, მეუბნებოდა, რაღა როგორ ვარ, ეკა, პანაშვიდიდან პანაშვიდზე დავდივარო… მეორე ჩემმა მეგობარმა, ორსულობისას, საერთოდ გააუქმა „ფეისბუქი“, რთულია და ძნელია. მეც ჩემი “ხრიკები” მაქვს – საქმისთვის შემოვალ, ან თვალს შევავლებ ტვ-ს და მერე საქმისაკენ. რადგან, აი, ამ ემოციით ვერც საქმეს აკეთებ და ვერც ხეირიანად წიგნს უკითხავ ძილის წინ ბავშვებს. შფოთვა გიტევს სულ…
ვფიქრობ, გიო რამეს იტყოდა ახლა, რამეს ისეთს, მისებურს, გაგვამხნევებდა და მიგვანიშნებდა, რომ ცხოვრება გრძელდება და ყოველი დღით უნდა დავტკბეთ და ვიბრძოლოთ მისთვის. და… ნაკლები ვავნოთ ერთმანეთს. მიყვარხართ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.