2023 წლიდან ესპანეთში პროდუქტი თუ მზა საკვები ცელოფნის პაკეტებში თუ პლასტმასის შეფუთვებში აღარ გაიყიდება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულისთვის, მაშინ როცა ასეთი შეფუთვის გარეშე გაფუჭების საფრთხე არსებობს (მაგალითად მაშინ, როდესაც ტრანსპორტირება შორი მანძილიდანაა საჭირო).
აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მაღაზიებს, არამედ კაფეებსა და რესტორნებს – პლასტიკის მოხმარება მათ მინიმუმ 50%-ით უნდა შეამცირონ.
საქალაქო ხელისუფლებებს სასმელი წყლის შადრევნების დამონტაჟება დაევალათ, რათა პლასტმასის ბოთლებში წყალი სულ უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეიძინოს.
ყველა ეს ზომა ევროპის მასშტაბური სტრატეგიის ნაწილია. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის პლასტმასის ნაწარმი სრულად უნდა გადამუშავდეს ან საერთოდ გაქრეს.
ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა – გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია და სლოვენია, პლასტმასის ზოგიერთი სახეობა კარგა ხნის წინ აკრძალეს.