LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი საფოსტო ბარათი შექმნას – მაგდა სანიკიძე

327
thumbnail

11 ოქტომბრიდან, „საქართველოს ფოსტა“ კამპანიას სახელწოდებით – „შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი“ იწყებს. რას მოიცავს ეს კამპანია და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა სანიკიძემ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ისაუბრა.

-როგორ გაჩნდა კამპანია „შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი“-ს დაწყების იდეა და რა არის მისი მიზანი?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წელს და ამ ზაფხულს, გაიზარდა მოთხოვნა საფოსტო ბარათებზე. ამას ვუკავშირებ იმას, რომ დიდი ხნის მანძილზე საზღვრები იყო ჩაკეტილი და ტურისტები დაგვიბრუნდნენ საქართველოში. მოგეხსენებათ, საფოსტო ბარათებზე ძირითადი ხვედრითი წილი მაინც ტურისტებზე მოდის. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ახალი არჩევანი შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის და ტურისტებისთვის, ამიტომ, მივმართეთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, რომ ჩვენთვის გადმოეცათ მათ ბალანსზე არსებული ის ფოტოები, რომლებსაც აქვთ საავტორო უფლებები იმისათვის, რომ ჩვენ აჭარის უნიკალური ხედების და ღირსშესანიშნაობების ვიზუალი დაგეტანა საფოსტო ბარათებზე და ეს ბარათები გაყიდვაში ჩაგვეშვა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რის საფუძველზეც შედგა ეს პროექტი: დავიტანეთ საფოსტო ბარათებზე აჭარის ვიზუალი და უკვე ზაფხულის პერიოდში აქტიურად იყო გაყიდვაში. ამ პროექტის დაწყებიდან მალევე, ძალიან ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა, რომ ისინი თავიანთ ფოტომასალას გადმოგვცემდნენ – აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ არის მოთხოვნა და გადავწყვიტეთ, დაგვეწყო კამპანია: „შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი“. 11 ოქტომბრიდან “საქართველოს ფოსტა” იწვევს ნებისმიერ მსურველს, მოყვარულს თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს, “საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის” ფარგლებში გამოცხადებულ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. კამპანია გულისხმობს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ფოტოგრაფების თვალით დანახული საქართველოსა და მისი კულტურული მახასიათებლების წარმოჩენას, აგრეთვე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ფოტოგრაფების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მათ მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის საფოსტო ბარათებზე დატანის გზით.

-კონკურსში მონაწილეობის ზოგადი პირობები როგორია?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკური პირი და სრულწლოვანი. მონაწილემ კამპანიის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს მისი ავტორობით შექმნილი ფოტომასალა; ფოტომასლა უნდა ასახავდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, ღირსშესანიშნაობებს ან/და სამზარეულოს (კერძებს); ფოტო არ უნდა ასახავდეს პორტრეტს; ფოტოს რეზოლუცია უნდა შეადგენდეს 300 dpi-ის, შესაბამისად უნდა იბეჭდებოდეს მაღალი ხარისხით A6 ფორმატზე (არაუმეტეს 1.240×1.748 პიქსელი). ფოტოების წარმოდგენა კამპანიის ფარგლებში მოხდება ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ფოტოს გაგზავნის გზით: [email protected]; ელექტრონული ფოსტის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ პასუხად დასტურს ფოტოს მიღების თაობაზე. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კამპანია იწყება 11 ოქტომბერს და ფოტოების მიღება წარმოებს 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

-რა მიზნით გამოიყენებს შპს „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილ ფოტოებს?

„საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან შეარჩევს ფოტოებს და გამოიყენებს საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე დატანის მიზნით. შესაბამისად, კამპანიის ფარგლებში შერჩეული ფოტოები ავტორის სახელისა და გვარის მითითებით, დატანილი იქნება სარეალიზაციოდ/მიმოქცევაში გასაშვებად/გასავრცელებლად განკუთვნილ საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე, აგრეთვე სერვისცენტრების ბრენდირებისათვის.

-რამდენადაც ცნობილია, „საქართველოს ფოსტა“ საკმაოდ აქტიურია ხოლმე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებითაც… ამ ეტაპზე, ამ კუთხით რა პროექტებს ახორციელებთ და როგორია სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების ნუსხა?

ნამდვილად ასეა. სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, „საქართველოს ფოსტა“ გამოირჩევა და ჩვენ არაერთი პროექტი გვქონდა, მაგალითად, მარო მაყაშვილის საფოსტო მარკის პროექტი, რომელიც „წითელ ჯვართან“ ერთად ხორციელდება ახლაც. ეს ნიშნავს იმას, რომ შეძენილი მარკიდან, თითო ლარი გადაირიცხება „წითელი ჯვრის“ ფონდში, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად გამოიყენება. რაც შეეხება ახალ პროექტს, სიამოვნებით ვიტყვი, რომ „საქართველოს ფოსტას“ სექტემბრის თვიდან აქვს სტუდენტური ტარიფი. ჩვენ შევიმუშავეთ ეს ტარიფი იმისათვის, რომ სტუდენტების სტატუსის მქონე პირებს, ჰქონდეთ ფასდაკლება ჩვენს ნებისმიერ მომსახურებაზე, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

აქვე დაგიანონსებთ სამომავლო გეგმებსაც: საახალწლოდ, ვაპირებთ დავიწყოთ ძალიან საინტერესო და თბილი კამპანია, რომელიც დაკავშირებული იქნება ძველ კულტურულ მემკვიდრეობასთან, რაც ქართველებს ძალიან უყვართ… ამ ეტაპზე, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, მაგრამ სულ რაღაც დეკემბრიდან, 1 თვის განმავლობაში, ძალიან საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები