LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2021 – როგორც დემოკრატიის საზომი და კვლავ ქუჩაში გამოსული საზოგადოება – რა გველის ოპოზიციის „უკომპრომისო ბრძოლის“ კვალდაკვალ

208
fortuna.ge (60)

თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიარა – რამდენად სამართლიანად და დემოკრატიულად წარიმართა ეს პროცესი, ამის მხილველი თავად საზოგადოება იყო, თუმცა, ერთი რამ ფაქტია – მიღებული შედეგები კვლავ ოპოზიციის მომხრეების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა. ამის პარალელურად კი, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ მათ დამაჯერებელი გამარჯვება აჩვენეს.

ახლა მნიშვნელოვანია რა იქნება შემდეგში, გაგრძელდება თუ არა მასშტაბური საპროტესტო აქციები, როგორც ამას ოპოზიცია აანონსებს.

კვირას ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ითქვა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში თავიანთ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოუწოდეს. რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო მანდატი დატოვა და ამით თავისი პროტესტი გამოხატა.

გუშინვე ითქვა ისიც, რომ აქციები ამ კვირის განმავლობაში რეგიონების მასშტაბითაც გაიმართება – იქ სადაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებმა საკუთარი ნება ვერ გამოხატეს და უფრო მეტიც, მათ მომხრეებს არჩევანი გაუყალბეს. ხოლო, 6 ნოემბერს ოპოზიცია აქციას დედაქალაქში გამართავს.

რამდენად მოსალოდნელია საპროტესტო ტალღის მასშტაბების გაზრდა და ამასთან, რა ბერკეტებს ფლობს ოპოზიცია იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური რეალობა მის სასიკეთოდ შეცვალოს, ამ საკითხზე პოლიტოლოგებს არაერთგვაროვანი შეფასებები აქვთ.

ერთ რამეს კი ცალსახად ამბობენ, ყოველგვარი რევოლუციური სცენარი გამორიცხულია, რადგან საამისოდ ქვეყანაში არც პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და არც ოპოზიცია ფლობს შესაბამის მხარდაჭერას.

ისმის კითხვა – მაშინ რა აზრი აქვს მათ მცდელობას, პოლიტოლოგების შეფასებით, მათი პროტესტი კანონზომიერია, თუმცა მნიშვნელოვანია ბრძოლის სტრატეგიის შეცვლა.

 

არჩევნები 2021 – რა შედეგი მოიტანა თვითმმართველობის არჩევნებმა მოქალაქეებისთვის და რას უნდა ველოდოთ

 

როგორც უკვე გამოჩნდა, მმართველი ძალა კვლავ მართვის სადავეებს ინარჩუნებს, ოპოზიცია კი ქუჩის აქციებს აანონსებს და მომხრეებს პროტესტის ამ ფორმას სთავაზობს.

ექსპერტების მოსაზრებით, მათი პროტესტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამართლებული და კანონზომიერია, თუმცა, იქვე ამატებენ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიის შეცვლა.

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, პროტესტი გასაგები და კანონზომიერიცაა. მისი შეფასებით, გაუგებარი იქნებოდა პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რადგან როგორც მან გვითხრა, ხელისუფლებამ ყველა მანკიერი ტექნოლოგია გამოიყენა, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დროს და პოსტ საარჩევნო პერიოდში, იმისათვის, რომ მოსახლეობის ნება დაემახინჯებინა.

„ხელისუფლებამ საბნის გადაკეცვის პრინციპით იმოქმედა, თუმცა, ვფიქრობ, დიდი იმედების შექმნა გარკვეულ რევოლუციურ სცენარზე და ოპოზიციის აქციების ხელისუფლების ჩამოშლაზე ორიენტირება, არასწორია.

პირდაპირ გეტყვით, რომ უპერსპექტივოცაა, რადგან რეალურად, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. ანუ, ის ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს ამ ვითარებას, თუნდაც სამართლიანად, არ სარგებლობს იმ კრიტიკული მხარდაჭერით, რაც რევოლუციურ აქტორებს სჭირდებათ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, რევოლუციები ხდება მაშინ, როდესაც ერთ მხარეს არის ხელისუფლება და მეორე მხარესაა ხალხი, საზოგადოება, ხოლო ეს ვითარება ჩვენ არ გვაქვს.

როგორც ხუხაშვილმა გვითხრა, ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ორი კომპრომეტირებული ძალის ჭიდილს ვუყურებთ, რომელიც მომავლის არჩევანს არ გვთავაზობს.

„ეს უფრო მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის ჭიდილია. ასეთ ვითარებაში რევოლუციები არ ხდება, რევოლუციები მომავლის ტალღის იმედად მოდის, ხოლო ამ იმედს, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ატარებს – ნდობა მათ მიმართ, საკმაოდ დაბალია. ეს კი იმ რევოლუციურ მუხტს ვერ მოიტანს, რაც სწრაფ ცვლილებებს სჭირდება,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

 

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას

 

პოლიტოლოგის მოსაზრებით, ოპოზიციის პროტესტი უფრო გრძელვადიან და პრაგმატულ დღის წესრიგზე უნდა იყოს აგებული, რომ მომავალში ის მანკიერებები ვერ განვითარდეს, რასაც დღემდე ადგილი ჰქონდა. მისი აზრით, სამომავლოდ ეს ვითარება უნდა შეიქმნას.

„ჩვენ გვინდა სახლის აშენება ისე, რომ საძირკველი არ ჩავყაროთ, საძირკვლის გარეშე კი, რაც არ უნდა ააშენო, არანაირი პერსპექტივა არ აქვს,“ – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის აქციებზე კვლავ აქტიურად ისმოდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოწოდებები და შესაბამისად, ჩვენ ვკითხეთ პოლიტოლოგს, ამ პროცესების პარალელურად, კვლავ ექნება თუ არა პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს მისი როლი მხარდამჭერებში მუხტის შესაქმნელად.

„მიხეილ სააკაშვილის როლი უკვე მაქსიმალურად გამოიკვეთა – მისი როლი საარჩევნო მობილიზებაზე იყო ორიენტირებული და მან ეს შეძლო: საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოახდინა, მაგრამ ეს ამომრჩეველი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ესეც ვნახეთ. მეტი რაღა უნდა გააკეთოს? სჯობს ახლა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

მისი პოლიტიკური თავგანწირვა ამ პროცესში ვეღარ არის. რა თქმა უნდა, ახლა ოპოზიცია მისი გათავისუფლებისთვის იბრძვის, თუმცა, ეს უკვე არა იმდენად პოლიტიკური, არამედ წმინდა ჰუმანიტარული საკითხია,“ – გვითხრა გია ხუხაშვილმა.

 

არჩევნები 2021 – როგორც დემოკრატიის საზომი

 

მიმდინარე პროცესზე არა რადიკალურად, მაგრამ შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს კონსტიტუციონალისტსა და ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, ლევან ალაფიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიას ვაუმჯობესებდეთ, ვაუარესებთ და ვაუარესებთ. მისი  შეფასებით, ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლი, სწორედ ასე გავიარეთ.

„აქ რომელიმე, კონკრეტულ ერთ მხარეს ან ნაწილს არ ვგულისხმობ, ეს ეხება ყველაფერს: გარემო; საარჩევნო კულტურა, ამომრჩევლისადმი დამოკიდებულება, ამომრჩევლის დამოკიდებულება არჩევნების პროცესისადმი, საარჩევნო კანონმდებლობა; პარტიები თავიანთი შეცდომებითა თუ გადაცდომებით, პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებული კანონმდებლობით.

როდესაც ბოლო პერიოდში, ყველა ამ პროცესის გაუარესებაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, ვსაუბრობ არაინფორმირებულ არჩევანზე, როდესაც მოქალაქეს არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

როგორც მან „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, დემოკრატიული არჩევანი ამომრჩევლის ნების შესაბამისი მაშინაა, როცა მას არჩევანის გაკეთების დროს, შედარების შესაძლებლობა აქვს.

„ამაში შინაარსობრივი ნაწილს ვგულისხმობ და არა იმას, თუ ვის უფრო კარგად შეუძლია გულზე მჯიღის ცემა, კუნთების თამაში და ძალადობა,“ – ამბობს ალაფიშვილი.

მისი შეფასებით, ამ მხრივ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. როგორც ალაფიშვილი ამბობს, ამას არც ჩვენ (საზოგადოება) ვითხოვთ, მაგრამ დიდად არც პოლიტიკური სპექტრი გამოირჩევა მცდელობით, რომ რაიმე შეიცვალოს.

 

 

„და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობა – ჩვენი საზოგადოება ერთ დიდ, პოლიტიკურ კორიდას დაემსგავსა, რომლის ძალადობასაც ყველანი ვუყურებთ. რაც მთავარია, ბოლოს ყველა ერთად ველით ან მოვითხოვთ იმ მომენტში დამარცხებულის განადგურებას, მოკვლას. ეს სწორი არ არის. ბუნებრივია, როდესაც ძალადობაზეა აქცენტი, პოლიტიკოსებიც ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენგანაა მოთხოვნა,“ – აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.

მისივე თქმით, ეს ძალიან მასშტაბური პრობლემაა, მაგრამ პოლიტიკოსებმა და პირველ რიგში, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, საარჩევნო გარემოს ცვლილებითა და ოპოზიციამ მათი როლის სწორად გაცნობიერებით, ამ მიმართულებით ზრუნვა უნდა დაიწყონ.

 

რა იქნება შემდეგში – ოპოზიციის პოტენციალი და  ბერკეტები

 

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, მიუხედავად კვირას მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოხატული ძალიან მკვეთრი განცხადებებისა, იგი არ ფიქრობს, რომ ვინმე, თუნდაც მინიშნებით, რევოლუციას მოიაზრებდეს. იურისტის შეფასებით, პირიქით, მათ განცხადებებში კონსტრუქციულობა უფრო იგრძნობოდა.

„მაგალითისთვის გამოვყოფდი განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია იგივე საარჩევნო დავებში შედის და ბოლომდე აპირებს საქმის მიყვანას. ანუ, ურთიერთგამომრიცხავია – რევოლუცია და საარჩევნო დავები, ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა.

ყოველ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსებიც ანგარიშს გაუწევენ იმ მოსაზრებას, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ (მხედველობაში მაქვს ამომრჩეველი) ამ სცენარს მხარდაჭერა არ ექნება,“ – დასძენს „ფორტუნასთან“ საუბრისას ექსპერტი.

შესაბამისად, მისი თქმით, უკვე დროა, პოლიტიკოსები დაფიქრდნენ – უფრო მწვავე პროტესტის ფორმებზე, თუმცა უფრო შემოქმედებით, სხვა ფორმატის პროტესტზე.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, ჩვენ ვიცით, გვინახავს და არაერთი ქუჩიდან მართული პროცესი გაგვივლია.  შესაბამისად, ჩვენც და გარე სამყაროც განვითარების სხვა ეტაპზე ვართ, რაც ნიშნავს, რომ პროტესტის სხვა ფორმა, ან ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვა გზა უნდა იყოს მოძიებული,“ – თქვა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

 

როგორი უნდა იყოს „ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვა გზა“

 

დასმულ კითხვაზე – რა შედეგის მომტანია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა საიმისოდ, რომ მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და ამასთან, ცალკეულ რეგიონებში ვითარება მოპოვებული შედეგით მაინც შეძლოს, პასუხობს:

„საჯაროდაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ იმ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, თუნდაც ერთი იყოს ასეთი, შეუძლიათ ცენტრალურ ხელისუფლებას, კარგი გაგებით, დემოკრატიის თვალსაზრისით, პრობლემები შეუქმნას.

რა მხრივ? – საკრებულოს უმრავლესობას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინოს სარჩელები იმ კანონების გასაუქმებლად, ანუ, მთავრობის გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, რაც საშუალებას იძლევა, ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობაში ჩაერიოს; წაართვას ფულის ხარჯვის შესაძლებლობა და ა.შ.

მერწმუნეთ, რომ თუკი ასეთი აქტივობა იქნება, ე.წ საპროტესტო დემოკრატიისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის, იგი სხვა საკრებულოებისთვისაც გადამდები იქნება, რომელთა უმრავლესობაც დღეს, მმართველი პოლიტიკური ძალისაა.

ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლებაც ასეთი ყოჩაღი ვეღარ იქნება, თუკი რომელიღაც საკრებულო კონსტიტუციურად ითხოვს, რაც მას ეკუთვნის კიდევაც. შემდგომ გადაწყვეტილებებს კი ეს მთავრობა ვეღარ მიიღებს და აღარ იქნება იმდაგვარი მიდგომა, როგორიც ცოტა ხნის წინ პრემიერმა გააჟღერა – „ჩვენს გარეშე მერს და საკრებულოს საერთოდ რა შეუძლიაო.“ – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

მისი თქმით, თუკი საკრებულოს უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ სარჩელების შეტანას დაიწყებს, ძალიან კარგად დაანახებს რაც შეუძლია თვითმმართველობას.

„მერს კი არა, პრემიერს დაანახებს რა შეუძლია მას გაუკეთოს. ეს ერთ-ერთი ბერკეტია, რომელიც მათ ხელშია და ამასთანავე, ახალი თაობა მოდის, მათი ხმა, მათი ასპარეზი ნაკლებად ჩანს და მე პირადად, ეს მაწუხებს,“ – გვითხრა ალაფიშვილმა.

ამ თემაზე საუბრისას მან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ბრძოლის სტრატეგია შეცვალოს.

„ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები და ვიხსენებ მაგალითს, რომელიც პარლამენტთან მოხდა და როგორ გაითამაშეს ახალგაზრდებმა სცენა, თითქოს ტერიტორიაზე გასათბობად შეშა მიჰქონდათ.

ამ დროს კი მათ იცოდნენ, რომ პოლიცია უსმენდა, ადგილზე მისულებს კი დიდი რაოდენობით პოლიცია დახვდათ და რა მოხდა შემდეგ? მათ პოლიციელებს მწარედ დასცინეს და არა მხოლოდ ამ პოლიციელებს დასცინეს,  რომლებიც ამდაგვარი დავალებების შემსრულებლები არიან, არამედ სისტემას დასცინეს, რომელიც ბავშვებს უკანონოდ უსმენდა, ამაზე მტკივნეული რაღა უნდა ყოფილიყო?

ასეთი რამ თბილისშიც შეიძლება, ქუთაისშიც და სხვაგანაც, ანუ იმის თქმა მინდა, რომ დრომ სხვა ტიპის მოცემულობა მოიტანა. არ ველი რევოლუციას და არ მგონია, რომ ეს წარმატებული გზა იყოს,“ – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

 

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყნის საგარეო კურსზე ჩატარებულმა არჩევნებმა

 

ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკა და რა გავლენას მოახდენს, ჩატარებული არჩევნები ქვეყნის დასავლური კურსისკენ სვლის გზაზე.

ლევან ალაფიშვილი „ფორტუნასთან“ საგარეო პოლიტიკასა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელ შეფასებებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ დასაწყისისთვის მოსმენილი ევრო დამკვირვებლების შეფასება, მხოლოდ ზოგადია, რაც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვა ტიპის, უფრო  ხისტი განცხადებების სახით, ანგარიშებში ვიხილოთ.

„გუშინდელი განცხადებები არ დავივიწყოთ, ვგულისხმობ ზოგად შეფასებებს, სადაც ისინი ამ პროცესს აფასებენ. აი, ანგარიშები რომ წამოვა, მერე ვნახავთ იქ რა ეწერება. კონკრეტული შეფასებები იქ იქნება და სამწუხაროდ, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სამშობლოზე ვსაუბრობთ, რომლის დემოკრატიის გაუარესებაზე, ამ ანგარიშებში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ეწერება. ამ ჩანაწერებზე საუბრები კი დახურულ კარს მიღმა, ე.წ დიპლომატიური წრეების კულუარებში მოხდება,“ – აღნიშნა მან.

დასმულ კითხვაზე, კერძოდ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ანგარიშებმა ქვეყნის დემოკრატიულ პროცესსა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, გვპასუხობს:

„ეს გავლენა პირველ რიგში, ევროპიდან იქნება, რადგან ჩვენ ევროპულ დემოკრატიასთან დაახლოების ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულების სახით გვაქვს ნაკისრი. შესაბამისად, ევროპას აქვს ბერკეტები საიმისოდ, მათ შორის, ფინანსური, რომლითაც გავლენას მოახდენს და მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე,“ – აღნიშნავს იგი.

 

„ევროპა არ დაუშვებს არადემოკრატიულ განვითარებას“ 

 

ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, ერთია, რომ ევროპა არ დაუშვებს არადემოკრატიულ განვითარებას და ეს ეხება, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციასა თუ სამოქალაქო სექტორს, და მეორე: არ დათმობს კანონის უზენაესობას, არც საქართველოში და არც ევროპაში.

„რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? განსაკუთრებით კანონის უზენაესობის თვალსაზრისით? – მართალია ჩვენი საარჩევნო პროცესის გამო, ეს საკითხები ყურადღების ცენტრში ვერ მოექცა, მაგრამ აბა მოიძიეთ ახლა ევროპაში პოლონეთთან და უნგრეთთან დაკავშირებით რა მოხდა.

ხომ ვიცით, რომ ისინი უკვე ევროპაში არიან? ზუსტად კანონის უზენაესობის გამო, პოლონეთს ევროპის სასამართლომ დღიურად მილიონი დოლარი სანქცია დააკისრა.

არის უფრო მკაცრი სანქციებიც: ევროპარლამენტი ევროპული საბიუჯეტო დაფინანსების სრულ გაყინვას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, კანონის უზენაესობის ნაწილში ასეთი პრინციპულები საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ არიან. დარწმუნებული იყავით, საქართველოსთან მიმართებაში ეს ყველაფერი ბერკეტიცაა,“ – გვითხრა ექსპერტმა.

ალაფიშვილის თქმით, ევროკავშირი როგორც ერთი ცალკე ინსტიტუტი ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, უნდა განვსაზღვროთ როგორი იქნება მასში შემავალი ყველა ცალკეული ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში.

„ეს ზეწოლა იქნება არა ერთი სუბიექტის მიერ წარმოებული, არამედ ევროკავშირის უმრავლესი წევრებისა. ჩნდება კითხვა: ამდენი ქვეყნის ზეწოლას საქართველო გაუძლებს?

მე არ მგონია, ეს ასე იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია დემოკრატიის დაცვაზე. არც მინდა დავუშვა, როგორ გავლენას მოახდენს, ის საარჩევნო რიტორიკა, რომლითაც, ჩემი აზრით, პრემიერის და სხვა პოლიტიკოსების ის არაეთიკური პოლიტიკურად განცხადებები აიხსნებოდა, რომ „ესტონეთმა თავის თავს მიხედოს,“„ევროკავშირი არ გვაინტერესებს,“ და ა.შ.

ეს განცხადებები უფრო ფოკუსირებული იყო ადგილობრივი ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების გულის მოგებაზე… თუნდაც, ეკლესია რომ ბოლოში გაახსენდათ. იმედი მაქვს, ჩვენს პოლიტიკოსებს არასაარჩევნო პერიოდში, გონიერება ეყოფათ, რომ ის შეცდომები გამოასწორონ, რომელიც დაუშვეს და ამასთან, რაც შესაძლებელია მეტად არ დააზიანონ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც  შენარჩუნებულია, რათა სახელმწიფო არ დააზარალონ,“- გვითხრა ექსპერტმა.

 

ყოფილი პრეზიდენტის როლი ოპოზიციაში – „სააკაშვილის ფაქტორი“

 

საგარეო კურსზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს და შესაბამისად, ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, გარდა ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივი და პოლიტიკური ნაწილისა, მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული – ქვეყნებს შორის სტრატეგიული კავშირის გათვალისწინება, სადაც სააკაშვილის ფაქტორი ცალსახად იკვეთება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, პირველი: ვსაუბრობთ, არამხოლოდ საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც გისოსებს მიღმა იმყოფება, არამედ საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

აღარაფერს ვამბობ  ადამიანის უფლებათა სტანდარტზე, რომელიც თუკი მცირედით მაინც დაირღვა, მერწმუნეთ, რომ ევროსასამართლოდან შესაბამისი მკაცრი გადაწყვეტილებები არ დაახანებს,“ – უთხრა „ფორტუნას“ ლევან ალაფიშვილმა.

როგორც მანვე განმარტა, სახელმწიფოს ჩვენი კონსტიტუციითა და არა მხოლოდ, საერთაშორისო აქტებით, ყველა მოქალაქის მიმართ ვალდებულება აქვს – კონსტიტუციაში ძალიან ცხადად წერია, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია, რაც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ერთი მხრივ, შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომ სიცოცხლე ხელშეუხებელი იყოს და მეორე მხრივ, თავის საქმიანობაში მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება პრიორიტეტული იყოს.

„შეიძლება კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, პოლიტიკურად ეს არაკომფორტულია, მაგრამ კონსტიტუცია სახელმწიფოს მის კერძო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულებას აკისრებს. ამის არგაკეთება ვინმეს კონფრონტი კი არ არის, ეს არის სახელმწიფოს საკითხი – უნდა შეასრულოს თუ არა მან კონსტიტუციური ვალდებულება.

რასაც ექიმები ამბობენ, ეს პროფესიული ნაწილია – ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, რომელიც სიცოცხლის საფრთხეს შეამცირებს ან გამორიცხავს, არ არისო. ასე რომ, თუკი პროფესიული ნაწილი ამას ამბობს, მას პოლიტიკოსებმა უნდა მოუსმინონ – ასეთია დემოკრატიული, ევროპული სტანდარტი,“ – გვითხრა ალაფიშვილმა.

მან ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ თვითმკვლელობის უფლება კანონში წერია და ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს.

„ეს იყო ყველაზე ცუდი განცხადება და დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება უკვე დევს ევროსასამართლოსა და ევრო ინსტიტუტების პირველი პირების მაგიდაზე, როგორც სამარცხვინო და არადემოკრატიული განცხადება.

განცხადება, რომელიც შეიძლება ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი ვერ მოვისმინოთ. ორი წინადადება თქვა და ორივე საშინელება იყო – პირველი თქვა, რომ თურმე ჩვენთან კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, მაგრამ მერე კი არ გაჩერდა და ენას კბილი კი არ დააჭირა, გააგრძელა, რომ თუ ვინმეს უნდა თვითმკვლელობაო, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება და ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

სამართლებრივი ნაწილის გარდა, ჩემს შეშფოთებას იცით რა იწვევს? ჩვენნაირ დეპრესიულ საზოგადოებაში, სადაც სუიციდის ამდენი შემთხვევებია, პრემიერი, უმაღლესი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც იმდენს ვერ აზროვნებს, რომ ამან შესაძლოა მცირეწლოვანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი წაახალისოს.

გუშინ და გუშინწინ ვინმეს თავი რომ მოეკლა, პრემიერი პასუხისმგებლობას აიღებდა? ამაზე უბრალოდ არ ფიქრობს. რაც პრემიერმა თქვა, არათუ არაკონსტიტუციურია, არამედ ანტიჰუმანურიცაა,“ – უთხრა „ფორტუნას“ ლევან ალაფიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g