საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამიდან 20 მილიონ ევროს გამოყოფს. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრის ტზანაკოპულოსის განცხადებით, ზომები შეეხება სტიქიის ადგილას მცხოვრები მოქალაქეების საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე გაიხსნება სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელმწიფო და ნებისმიერი მსურველი ფულს გადარიცხავს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახების დახმარების ძირითადი პაკეტი და საკომპენსაციო თანხა მოგვიანებით დასახელდება, როდესაც სტიქიის შედეგები სრულად იქნება შეფასებული.
საბერძნეთში ორშაბათს დაწყებული ტყის ხანძრის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
