ალეკო ელისაშვილის განცხადებით პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც ნახსენები იქნება რუსეთი და ამას ყველა პარტიის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
პარტია მოქალაქეების ლიდერი თვლის, რომ რუსეთის არ ხსენება უთავმოყვარეობაა.
“ის რეზოლუცია რაც „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, გამაოგნებელია, უკრაინაზე და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა – აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას თუ ჭინკები ემუქრებიან საზღვარზე?! – აცხადებს დეპუტატი
ელისაშვილის აზრით მეგობარ ქვეყანას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი და ტექსტში აღწერილი უნდა იყოს რეალობა.
“უთავმოყვარეობაა და გაუგებარია რუსეთის არ ხსენება, ვისურვებდი ტექსტი იყოს ადეკვატური, რუსეთიც იყოს ნახსენები და რეალობა იყოს აღწერილი.” – აცხადებს ელისაშვილი
ის იმედს გამოთქვამს, რომ ტექსტი დაკორექტირდება. “თუ არა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი თითოეული ჩვენგანის”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტის დასრულებას და დადებითად შეაფასა.
“არ მესმის ისეთი ბოიკოტის, ხელფასი რომ არ დაგექვითოს, ამისთვის კომიტეტების სხდომის ოქმს რომ ხელს აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ. ე.ი. მუშაობა გეზარება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ბოიკოტი. კარგი იქნება თუ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან აქტიურად და მათი საპარლამენტო საქმიანობა მაგიდაზე ახტომით არ შემოიფარგლება,”- განაცხადა ელისაშვილმა.