პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმედი გაჩნდა, პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული.
პაპუაშვილმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც საქართველოს პარლამენტი დგამს, რათა პროცესი დააჩქაროს:
“მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა. პროცესი დაიწყო შესწავლით, კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები.
ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაში გაწერილია ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის, საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რაც იმის ნაწილია, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი.
რაც უფრო მალე დავუახლოვდებით ევროკავშირს საკანონმდებლო კუთხით, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით.
ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს.
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის.
რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი”, – თქვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა, რაც სწრაფი და ადვილი გზა არ არის:
“აქ სხვადასხვა ეტაპია. საქმე შეეხება ბევრ რეგულაციას, აქ ხდება აწონ-დაწონა, რომელ ეტაპზეა სახელმწიფო მზად, რომ ესა თუ ის რეგულაცია შემოიღოს ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე არის გამარჯვება იმ კუთხით, რომ საქმემ, რომელიც 2024 წლისთვის უნდა გაკეთებულიყო, რამდენიმე წლით გადმოიწია”, – თქვა პაპუაშვილმა.