თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,– ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან.
მისი თქმით, “ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ არ გავიქცევით” არასერიოზული განცხადებაა და საჭიროა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მათგან უარის თქმა აუხსნელი იქნება, სხვა შემთხვევაში ხვიაჩიას განმარტებით, ამ ინიციატივას სერიოზულობა აკლია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, თუ თავდებობა იქნება მექანიზმი, რითაც ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, არ აქვს პრობლემა ამას მხარი დაუჭიროს.
“საერთოდ არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს. თუ ევროპაში მივდივართ, ევროპაში პრეზიდენტებს კი არა, არავის კლავენ – ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია დღეს”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
გიორგი ჩახუნაშვილი: საზოგადოებამ ვერ გაითავისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება
“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის თაობაზე, “ქართულ ოცნებაშიც” ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტს კონკრეტულ ინიციატივას შესთავაზებენ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვის მიმართაც დღემდე არ აღიარებენ, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით კი, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია ახალი ველოსიპედის მოგონება.
„ნაციონალურ მოძრაობაში” არიან იურისტები და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია. სააკაშვილი მსჯავრდებულია არაერთ მძიმე დანაშაულში, შესაბამისად აქ წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება. საქართველო პატივს სცემს საკუთარ და საერთაშორისო კანონმდებლობას, დადგენილი კანონების და ნორმების შესაბამისად მოქმედებს სახელმწიფო. „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური წარმომადგენლები ცდილობენ როგორმე სააკაშვილი პასუხისმგებლობას აარიდონ და სასჯელს განარიდონ, ეს არ და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, ეს არის დროის ფუჭი ხარჯვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერ ამას წინ უძღოდა სააკაშვილისგან სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, საზოგადოება ხედავს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე დაუძვრეს მართლმსაჯულებას, ეს არ გამოვა. ერთადერთი სააკაშვილმა რაც უნდა გააკეთოს, კარგად უნდა გაიაზროს მის ჯანმრთელობაზე თავადაც არის პასუხისმგებელი, ამიტომ ხელოვნურად გამწვავებისკენ სიტუაცია არ უნდა წაიყვანოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე სამედიცინო მონაცემებს გაასაჯაროებს, ეს სპეკულაციებს ამოწურავს.
“ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას.. საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? რად უნდა სააკაშვილს თავდებობა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.