საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი წერს, მისი გადაყვანა დღეს არ მომხდარა, მაგრამ მისი სამკურნალოდ სტაციონარში გადაყვანა აუცილებელია.
„მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა.
მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.
ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს“ – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაადასტურეს.