მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილს სააკაშვილის ვიდეოკადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, სამსახურში დაასრულეს შესწავლა, თუ რამდენად კანონიერი იყო 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს პენიტენციურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი იყო.
„მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს” – ლევან იოსელიანი
„სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებათა და მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების, მათი ურთიერთშეჯერების და საერთო ანალიზით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივა მედში“ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად, რაც კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს, თუმცა სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერებიდან 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროვებისას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით 3 ეპიზოდზე სამართალდამრღვევად ცნეს.
კერძოდ კი, სამსახურის განცხადებით, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი კადრებია, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე მოხდა.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, დარღვევა დადგინდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროების, ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირებისა და სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების ვადის განსაზღვრის გარეშე შენახვის ფაქტებზე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური, ასევე, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ვიდეომეთვალყურეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტზე.
სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.