„წამალი ბავშვებს“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების და მოქალაქეების მორიგი აქცია შაბათს, 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.
უკვე მეათე დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან აქციებს უწყვეტ რეჟიმში მართავენ.
მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ქვეყანაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტის „ვოზორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.
დედები ერთმანეთის მონაცვლეობით, მთელი დღის განმავლობაში კანცელარიასთან არიან, საღამოს 19:00 საათზე აქციაზე მისულ მოქალაქეებთან ერთად მარშს მართავენ და მსვლელობით კვლავ ბრუნდებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ღამეს ათევენ.
29 აპრილს დაგეგმილ აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმიანებიან და მშობლებსა და მოზარდებს სოლიდარობას უცხადებენ.
ვრცელდება მათი მხარდამჭერი მიმართვები:
„ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნით და აუცილებლად ვიქნები ბოლომდე დედების გვერდით იმიტომ, რომ მე თვითონაც დედა ვარ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ სურვილი, უბრალოდ დაუდექით დედებს გვერდით“, – ამბობს მუსიკოსი სოფო ტოროშელიძე.
არტისტი, მწერალი ზურა ჯიშკარიანი: „ჩემი სოლიდარობა ბავშვებს, ჩემი სოლიდარობა გმირ მშობლებს, ჩემი სოლიდარობა იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს ფეხებზე არ ჰკიდიათ. ძალიან ვთხოვ მთავრობას და ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, გადადგან კეთილი, ბრძნული და პატრიოტული ნაბიჯი. მადლობა“.
კალათბურთელი გიორგი ცინცაძე: „მე მხარს ვუჭერ მშობლების მოთხოვნას და მათ გვერდით ვარ. წამალი ბავშვებს! მოდით შაბათს, 15:00 საათზე, კანცელარიასთან და ერთად დავუჭიროთ მათ მხარი“.
მუსიკოსი ლევან ცხვარაძე: „მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მშობლების მოთხოვნას, ვარ მათ გვერდით. ასე რომ, მოდით შაბათს, 15:00 საათზე კანცელარიასთან და ერთად მოვითხოვოთ წამალი ბავშვებისთვის“.
მსახიობი ბაია დვალიშვილი: „ვდვაგარ მშობლების გვერდით, წამალი აუცილებლად რაც შეიძლება მალე“.
მოდელი ირინა ონაშვილი: „შაბათს, 15:00 საათზე, ყველას გელოდებით კანცელარიასთან“.
მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე: „სოლიდარობას ვუცხადებ მშობლებს! როდესაც თემა ეხება ბავშვებს, მით უმეტეს, მათ ჯანმრთელობას, ეს უფრო მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ეს ბავშვები ძალიან მალე მიიღებენ მედიკამენტებს“.
ცნობისათვის, აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. რაც შეეხება პრეპარატ „ვოზორიტიდს“, მას მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები და დიაგნოზის სამკურნალო უალტერნატივო მედიკამენტად მიიჩნევა.
ამავე თემაზე: