29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით – „წმალი ბავშვებს“ გაიმართება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მორიგი ვიდეომიმართვა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ და ასევე მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
მომღერალი მერაბ სეფაშვილი: „დღეს, 21-ე საუკუნეში მშობლებს და ბავშვებს არ უნდა უწევდეთ წამლისთვის ბრძოლა, ამიტომ ჩვენი უფლება და ვალდებულებაცაა, დავეხმაროთ მათ. შაბათს, 15:00 საათზე კანცელარიასთან“.
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე: „ჩვენ არ გვაქვს უფლება, გვერდში არ დავუდგეთ შვილის გადასარჩენად გარეთ, წვიმაში, ქარში დღე და ღამე გამოსულ, გამწარებულ დედებს.
ჩვენ შაბათს, 15:00 საათზე ერთად უნდა დავდგეთ ყველა, იმიტომ რომ ისინი ჩვენი შვილებიც არიან, ჩვენი მომავალი“.
ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია: „უკვე რამდენი დღეა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აუცილებელ და საჭირო წამალს ითხოვენ საკუთარი ბავშვებისთვის, მთავრობას არ ესმის მათი ხმა, ამიტომ ვიკრიბებით ყველა სოლიდარობის ნიშნად შაბათს, მთავრობის ადმინისტრაციასთან“.
მომღერალი სოფო ნიჟარაძე: „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სოლიდარობას ვუცხადებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ დედებს, რომლებიც იბრძვიან შვილების სიცოცხლისთვის. შაბათს, 15:00 საათზე ყველანი კანცელარიასთან“.
ცნობისათვის, მე-11 დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები კანცელარიასთან აქციებს უწყვეტ რეჟიმში მართავენ.
მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ქვეყანაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტის „ვოზორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.
აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. რაც შეეხება პრეპარატ „ვოზორიტიდს“, მას მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები და დიაგნოზის სამკურნალო უალტერნატივო მედიკამენტად მიიჩნევა.
?#წამალიბავშვებს
‼️ შაბათს, 3 საათზე, ბავშვების სიცოცხლის დასაცავად ❗️ვიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან❗️
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 28 აპრილი, 2023
ამავე თემაზე: