LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, დღევანდელობის საფუძველია” – პატრიარქის წერილი

182
პატრიარქი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 1923 წლის 20/21 მაისისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილს ავრცელებს.

„გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი.

ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება.

ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა.

ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც.

როგორც ცნობილია, ქვეყნის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 1921 წლამდე გასტანა, თუმცა ხალხს დიდი მუხტი მისცა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალა; ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო მათ ძალმომრეობით რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა.

ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და სხვებთან ერთად უძღვებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თანამონაწილე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დისშვილი, კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (შერვაშიძე). მაგრამ მოღალატემ შეთქმულნი გასცა.

ზუსტად 100 წლის წინ თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრი.

ესენი იყვნენ: . ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრების ხელმძღვანელი, გენერალი კოტე აფხაზი 2. გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი; 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი 9. როტმისტერი სვიმონ (სიმონიკა) ბარგატიონ-მუხრანელი 10. როტმისტერი ფარნაოზ ყარალაშვილი 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი 13. იასონ კერესელიძე 14. სვიმონ ჭიაბრიშვილი 15. ივანე ქუთათელაძე.

კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს.”

ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია.

ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს კონსტანტინე შერვაშიძეს (კოტე აფხაზს) და მის თანამებრძოლთა უკვდავ სულებს და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს, ხოლო მათი შთამომავალნი მშვიდობით აკურთხოს.

მინდა დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, – როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, – აცხადებს პატრიარქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g