LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Stack-ს დღეიდან Google Chrome-ის სრულად ჩანაცვლება შეუძლია“ – ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, რომელსაც 11 ინვესტორი ჰყავს

37
dachi

ხუთი მეგობრის კოლაბორაციით შექმნილი ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი Stack ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. Stack პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერია, რომელიც მომხმარებლებს Google Chrome-ის და Opera-ს ალტერნატივას სთავაზობს. კომპანიას მომხმარებლები, ძირითადად, აშშ-ში და იაპონიაში ჰყავს. რა ეტაპზეა ახლა კომპანია, ამის შესახებ „სთექის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დაჩი გუბაძემ „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

რა სახის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს თქვენი კომპანია და როგორ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ „სთექი“?

„სთექზე“ მუშაობა დავიწყეთ 2019 წელს. იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვიყენებთ ე.წ. „ვებ ბრაუზერებს“ ინტერნეტის მოხმარებისთვის, რომელიც არის ყველაზე მეტად გამოყენებადი აპლიკაცია, ზოგადად, მსოფლიოში, რაც შექმნილა, 3,5 მილიარდი ადამიანი იყენებს „ვებ ბრაუზერს“ სხვადასხვა საქმიანობისთვის. 2019 წელს, როდესაც სხვა სტარტაპზე ვმუშაობდით, აღმოვაჩინეთ, რომ 20 წელია რაც ბრაუზერები არსებობს და მათ არ ჰქონდათ დიდი ევოლუცია გავლილი. ანუ როგორც შეიქმნა 2000-იან წლებში, მას შემდეგ მათი დიზაინი არ შეცვლილა. ძალიან გაგიჭირდებათ ნებისმიერი სხვა პროდუქტის დასახელება, რომელსაც ამდენი ადამიანი იყენებს და მათი დიზაინი არ შეცვლილა. ძალიან რთულია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ დიზაინის ცვლილება არ საჭიროებს. ამასთან, დავფიქრდით იმაზე, პრობლემებს იწვევდა თუ არა მოხმარებისას დიზაინის ცვლილების ნაკლებობა და რა თქმა უნდა, იწვევს, რადგან ადამიანები ისე აღარ იყენებენ დღეს ინტერნეტს, როგორც 2000-იან წლებში. მაშინ ჩვენ სხვადასხვა ვებსაიტებს ვნახულობდით, ახლა კი ვმუშაობთ ინტერნეტთან და ვიყენებთ სხვადასხვა ვებ აპლიკაციას. ამაზე ფიქრისას, მოგვივიდა აზრი, ხომ არ შეგვექმნა ახალი ტიპის ბრაუზერი, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული ჩვენი დღევანდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

 

რამდენად გაქვთ კომუნიკაცია მომხმარებელთან და როგორ უკუკავშირს იღებთ ხოლმე მათგან?

მას შემდეგ, რაც დავიწყეთ „სთექზე“ მუშაობა, ძალიან ბევრი რამ მოხდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, ორი სხვადასხვა ტიპის პროდუქტი შევქმენით და მათი განვითარება და ცვლილება სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ხდებოდა. ვინც გადმოწერს „სთექს“ და დაიწყებს მოხმარებას, მიხვდება რომ არის უამრავი შესაძლებლობა, რომ მოგვაწოდოს უკუკავშირი, რის მიხედვითაც ჩვენ ვავითარებთ პროდუქტს. წარმოუდგენელია, იფიქრო ნებისმიერ ბიზნესზე, მით უმეტეს ტექნოლოგიურ ბიზნესზე, რომ ზუსტად იცი, რა უნდა მომხმარებელს. შეიძლება იდეა გქონდეს, რა არის უკეთესი, მაგრამ წარმოუდგენელია სრულყოფილი რაღაც შექმნა, თუ არ გექნება მომხმარებლების უკუკავშირი, „სთექი“ ბოლო 4 წლის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა , ვითარდებოდა. დღეს ვუშვებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებას (update), რომელიც მომხმარებლებისგან მიღებული მოთხოვნების საფუძველზე ხდება. დღეიდან „სთექი“, შესაძლებელია, რომ იყოს სრულად ჩამნაცვლებელი ყველას მიერ გამოყენებული ბრაუზერის, Google Chrome-ის.

 

„სთექის“ დამფუძნებლები ხართ ქართველები. ვინ არიან „სთექის“ დასაქმებულები?

ჩვენი მთავარი ოფისი ჰოლანდიაშია, გვყავს დასაქმებულები ნიუ-იორკში და საქართველოში. შარშან ყველაზე მეტი დასაქმებული გვყავდა, 19 ადამიანი, იყვნენ პოლონეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, ა.შ. ამ ეტაპზე 16 ადამიანია „სთექში“ დასაქმებული.

 

არაერთი გრანტი და ინვესტიცია მოიპოვა „სთექმა“ დაარსების დღიდან. ვინ არიან დღეს თქვენი ინვესტორები?

11 ინვესტორი გვყავს მსოფლიოს ათი ქვეყნიდან, მათ შორის საკმაოდ ცნობილი საინვესტიციო ფონდები, მაგალითად, Peak Capital – ჰოლანდიაში სტარტაპების ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი. ასევე, Lunar Ventures, რომელიც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საინვესტიციო ფონდია. ასევე, „სთექი“ იყო პირველი ქართული წარმოშობის სტარტაპი, რომელმაც გაიარა ე.წ. 500 startups-ის აქსელერაცია სან-ფრანცისკოში. 500 startups დღეს საქართველოშიც არის შემოსული და საკმაოდ კარგი პროგრამაა, ბევრ სტარტაპს ვურჩევდი, რომ გაიაროს აქსელერაცია.

რა გამოწვევებია ახლა ტექნოლოგიურ ბაზარზე და რა რჩევებს მისცემთ მათ, ვისაც ახლა უნდა, რომ დაიწყონ იდეების განხორციელება?

საკმაოდ რთულია სტარტაპის გაკეთება, განსხვავებით კონვენციური ბიზნესისა. ჩვეულებრივი ბიზნესის გაკეთებაც ძალიან რთულია, თუმცა სტარტაპის გაკეთებას სჭირდება ძალიან დიდი წინასწარი კაპიტალი, რომელიც როგორც წესი, დამფუძნებლებს არ აქვთ ხოლმე. ამიტომ , ტექ. კომპანიები არ არსებობს ინვესტორების გარეშე. შეიძლება რაღაც თანხით დაიწყო ბიზნესი, მაგრამ ძალიან რთულია, ტექ. კომპანია დაიწყო ინვესტორების გარეშე. რასაც ვურჩევდი ისაა, რომ აუცილებელია, გუნდში ჰყავდეთ ერთი ადამიანი მაინც ისეთი, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. „სთექი“ იყო ერთ-ერთი პირველი ქართული წარმოშობის სტარტაპი, რომელმაც უცხოური ინვესტიციები მოიპოვა, ჯამში, 3 მლნ დოლარის  ინვესტიცია გვაქვს მოპოვებული. როდესაც დავიწყეთ „სთექზე“ მუშაობა, ჩვენ დიდი კავშირი ინვესტორებთან არ გვქიონია. შეუძლებელია, რომ დღეს დაიწყო და ხვალ აიღო ინვესტიცია, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. დღეს ვინც იწყებს სტარტაპის კეთებას და აქვს იდეები, ვურჩევდი, იარონ სხვადასხვა ტექ. კონფერენციებზე, რომლებზეც ჩვენ დავდიოდით და ასე ავაშენეთ ჩვენი ე.წ. „ნეთვორქი“ ინვესტორებთან. 11 ინვესტორთან, რომლებიც ჩვენი დღევანდელი პარტნიორები არიან, დაახლოებით 2-წლიანი ურთიერთობა გვქონდა, სანამ ჩადებდნენ ჩვენთან თანხას. სწრაფად არ ხდება, თუ დღეს იწყებთ სტარტაპზე მუშაობს, ხანგრძლივი პროცესი იქნება და წინასწარ უნდა იყოთ მზად ამისთვის, რომ შეიძლება 2 წელი დასჭირდეს პირველი ინვესტიციის აღებას.

 

რამდენად მრავალფეროვანი და კრეატიული იდეებით გამოირჩევა დღეს ტექნოლოგიური ბაზარი და წლებთან ერთად თუ იცვლება?

ტექნოლოგიური ბაზარი ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ბევრი ცვლილება მოხდა თებერვალში. ბევრად დიდი შესაძლებლობები არის, ვიდრე აქამდე იყო და რაღაცის გაკეთებას ადრე თუ 6 თვე სჭირდებოდა, დღეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება 1 კვირაში გააკეთო. შესაბამისად, სიჩქარე ბევრად გაზრდილია, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ იცვლება ეს სიტუაცია საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სერიოზული წინსვლა და პროგრესია საქართველოში. ჩვენ როდესაც დავიწყეთ „სთექზე“ მუშაობა, მაშინ იმდენად ტრენდული არ იყო სტარტაპების კეთება, მაგრამ შემდეგ რამდენიმე დიდი ცვლილება მოხდა, ერთ-ერთი იყო ე.წ. GITA-ს გრანტები, რამაც ხელი შეუწყო და ასევე, 500 startups-ის შემოსვლა. დღეს უკვე საქართველოში გვყავს რამდენიმე სტარტაპი, რომელიც დაფინანსებულია ყველაზე მაგარი აქსელერატორების მიერ, მათ შორის Y Combinator-ის მიერ. საკმაოდ სწრაფად ვითარდება ბაზარი და ინოვაციური იდეები უჩნდებათ, რაც ძალიან კარგია.

 

რა ეტაპზეა ახლა „სთექი“ და რა გეგმები გაქვთ?

ბრაუზერის კეთება საკმაოდ რთულია. უშუალოდ ბრაუზერი არ არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის, მნიშვნელოვანია, რისი კეთება შეუძლიათ ბრაუზერით, ანუ თქვენ გინდათ, რომ ხსნიდეთ სხვადასხვა საიტებს ბრაუზერში. ამიტომ, შექმნა ბრაუზერი, რომელიც იქნება თავსებადი ყველაფერთან, საკმაოდ რთულია. თქვენ რომ პროგრამას აკეთებდეთ, რომელიც გინდათ, რომ ბრაუზერში მუშაობდეს, გააკეთებთ, რომ მუშაობდეს „ქრომში“, რადგან „სთექს“ „ქრომთან“ შედარებით რა თქმა უნდა, საკმაოდ ცოტა მომხმარებელი ჰყავს. უკვე 4 წელი, რამდენიმე იტერაცია, 11 ინვესტორი და დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ იქ მოვსულიყავით, სადაც დღეს ვართ. დღეს ვუშვებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებას, რომელიც ჩვენი არსებული მომხმარებლებისთვის არის და სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს, რომ საჯარoდ „სთექი“ ე.წ. ბეტა სატესტო რეჟიმიდან გამოვიყვანოთ და ჩვეულებრივ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტად ვაქციოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ „სთექის“ ბევრად უფრო სწრაფი ზრდა დაიწყება. აქამდე „სთექი“ იყო უკეთესი, ვიდრე „ქრომი“ ბევრ რამეში, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც „ქრომს“ აქვს, „სთექს“ აკლდა, დღეიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სთექის“ აქვს ყველა ფუნქცია, რაც აქვს „ქრომს“ და კიდევ სხვა დანარჩენი, რითაც ჯობს მას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g