„არის უსამართლობა, რომელიც გინგრევს სამყაროს და ყველა გარიგებას ამ სამყაროსთან. ასეთია ზაზა მესხის, მისი უსაყვარლესი ალინას და მისი მზებიჭების ამბავი“, – ამის შესახებ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა მესხთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ის იყო კარგი მამა, კარგი ქართველი, კარგი მეგობარი და კარგი პროფესიონალი:
„არის უსამართლობა, რომელიც გინგრევს სამყაროს და ყველა გარიგებას ამ სამყაროსთან. ასეთია ზაზა მესხის, მისი უსაყვარლესი ალინას და მისი მზებიჭების ამბავი.
არის ამბები, რომლის მერე ვეღარ გაგრძელდება ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. ისიც კი არ იცი, როდის შეძლებ ამ ნამსხვრევების შეკოწიწებას, სამყაროსთან და ღმერთთან ზავის დადებას და ასე ღრმად გაბზარული ცხოვრების გაგრძელებას.
ღმერთთან ზავი აღარ მჭირდება, რადგან მის ყველგან ძებნას შევეშვი. არის სივრცეები, რომლებიც ყველანაირად დაცლილები არიან ღვთისგანაც და ყველა კეთილი სულისგანაც. ასეთი გახდა ეს ქვეყანა სამწუხაროდ – არ გპატიობს მის სიყვარულს, გკლავს და გახრჩობს, კლავს და ახრჩობს მთელს შენს გარემოცვასაც…
ზაზა იყო ამაყი ქართველი. სისხლით და ხორცით… და ცხოვრებით, გადაწყვეტილებებით…
ჭყინტი ჩამოსული იყო ლონდონში, რომ მე, მეორე ჭყინტ ჩამოსულს, გერმანიაში მომაგნო და დავალებებით დამხუნძლა, რა უნდა გვეკეთებინა ჩაბნელებული სამშობლოსთვის…
თანამოაზრეობამ რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ დაგვამეგობრა და უკვე წლებია, რაც ყველა ჩვენი საქმეების და სიგიჟეების თანამონაწილეა.
ზაზას უზომოდ უყვარდა თავისი შვილები, თავისი ალინა, თავისი ცხოვრება, ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ თავისი თავისგან იშვიათად კარგი პროდუქტი შეექმნა – კარგი პიროვნება, კარგი მამა, კარგი ქართველი, კარგი მეგობარი და კარგი პროფესიონალი…
ალინა სულ რაღაც 28 წლის იყო, ერთადერთი შვილი თავის მშობლების… ალინას ერთადერთი შვილი ჰყავდა..
ამდენი ჩამქრალი სიცოცხლე და დამსხვრეული, აჩრდილად ქცეული ადამიანები…
არადა,ზაზა და მისი საყვარელი ადამიანები ახლა ისევ თავიანთ ლამაზ, მწვანე, დიდ სახლში იქნებოდნენ ჰოლანდიაში, ძალიან მარტივი რამ – განგაშის სირენა რომ ჩართულიყო.
მე მაპატიეთ, რომ პასუხებს ვითხოვ და ამას ყველანაირი ბოდიშის გარეშე.
მე მაპატიეთ, რომ ვერ ვემშვიდობები „ნათელში იყავი“- თ. ეს უკანასკნელი მათ არა, მხოლოდ ჩვენ გვჭირდება, რომ დავამთავროთ და გავნაგრძოთ ცხოვრება. არადა, ასე აღარ გრძელდება, არ შეიძლება გაგრძელდეს…
ზაზა, მე შენ არ გემშვიდობები, სანამ არ აღსრულდება შენი ნება – დადგეს სამართალი თქვენი ყველას სიცოცხლის, სიყვარულის, მომავლის მოსპობისთვის.
მანამდე ვერც შენი სული იქნება მშვიდად, ამაშიც დარწმუნებული ვარ….
შენი მეგობრები და თანამოაზრეები ვეცდებით ჩვენი გზა შენთან ერთად ვიაროთ“, – წერს ზაზა მესხის მეგობარი სოციალურ ქსელში.
არის უსამართლობა, რომელიც გინგრევს სამყაროს და ყველა გარიგებას ამ სამყაროსთან. ასეთია ზაზა მესხის, მისი უსაყვარლესი…
Posted by Mari Megreli on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. 3 აგვისტოს სტიქიის დროს, ოჯახი შოვში ისვენებდა. სტიქიის ზონაში 25 გარდაცვლილს შორის იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა.
ჩვენთვის ის, რაც მოხდა, არის სტიქიური უბედურება – რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე