„საოკუპაციო ხაზები გავლებულია თავად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, როცა ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით აღმოჩნდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
აღნიშნულით ვოლსკი სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და კიდევ ერთი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ეს მძიმე ფაქტია. მან მომხდარის გამო, გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ახლახან ახალი პროვოკაცია ვიხილეთ მლეთის მისადგომებთან, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმართებით. შეიძლება, ამას პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ ოკუპაციის დაშვების, საოკუპაციო ხაზების გავლების და ამდენი სამოქალაქო პირის ხოცვის შემდეგ არც ერთი საქმე არ აღძრულა.
სააკაშვილი: „ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს.. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში.. რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს..“
„საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ“
ახლა ეს ადამიანები უნამუსოდ გამოდიან და ხელისუფლებისკენ ხელს იშვერენ.
ადამიანები დაიჭირეს, გაიყვანეს, წამებით მოკლეს – ჯონუა, ანჯაფარიძე, რამდენი გვარი ჩამოგითვალოთ? – აგვისტოს ომი დამთავრებული იყო და ათეულობით სამოქალაქო პირი მოკლეს, არც ერთ საკითხზე არ იყო შესაბამისი რეაგირება.
პირიქით, უფრო წაახალისეს რუსეთის ფედერაცია, რომ თავისუფლად ეგრძნო თავი. ეს ხაზიც მათ გაავლეს, როცა 2006 წელს უკანონო არჩევნები ჩაატარეს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხაზი შემოხაზეს.
რა საკვირველია, ქართველს აღტყინება არასდროს მოაკლდება, რომ სალოცავში მივიდეს, მაგრამ გარკვეული საფრთხეები არსებობს, რომელიც ახლა არის და ამ საფრთხეების იგნორირებისკენ მოუწოდებდნენ სრულიად „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას.
დღეს ეს შედეგი მივიღეთ. ამ შედეგს ყოველ დღე მივიღებთ, თუნდაც, იმ გავლებული ხაზებით, ხალხის დაკავებებით. ღმერთმა ნუ ქნას, მკვლელობა კიდევ მოხდეს. რა საკვირველია, რეაგირება საჭიროა და საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს.
საგანგებოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად დღეს „ნაცმოძრაობას“ გაუკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები გაკეთდა იმის ნაცვლად, რომ ოჯახისთვის სამძიმარი გამოეცხადებინათ, იმ შეცდომებსა და დანაშაულებზე დაფიქრებულიყვნენ, რაც ჩადენილი აქვთ.
„რესურსი გვაქვს, რომ რუსეთზე იყოს გაძლიერებული შეტევა, რაც ისედაც საკმარისია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. სადაც ბლოკპოსტი იქნება და იქ იქნება ქართველი პოლიციელი, რა საკვირველია, შეიძლება, თავი ვერ შეიკავოს, როცა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მოხდება და იქიდან უკანონოდ მყოფი ოკუპანტი შეიძლება გამოჩნდეს, ქართველს გაეკიდოს და მის მიმართ ძალა იხმაროს.
ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რასაც რეალურად ელოდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საერთოდ, „ხაზის გადმოწევა“ მოგონილი თემაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ შემოგვაპარა და ზოგიერთ საერთაშორისო განცხადებაშიც გავიგეთ.
გარკვეული ტერიტორია შემოსაზღვრულია ბელადის სააკაშვილის მიერ, სადაც დანიშნულია ადმინისტრაცია, ვისაც ეს ტერიტორია უნდა ემართა. ომის დროს ზუსტად ის ტერიტორია დაიპყრეს, რომელიც ბელადმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით შემოუხაზათ.
ყურადღება სწორედ ამას უნდა მიაქციოთ. დღეს ამ ხაზს მიჰყვებიან და საოკუპაციო ხაზს აკეთებენ. რა საკვირველია, თავად საოკუპაციო ხაზი არის დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულებამდე ჩვენი ქვეყანა მაშინ მივიდა, როცა უარი თქვეს საერთაშორისო ლიდერობით წაყვანილ პროცესზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა ამ პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტას.
სააკაშვილის მიერ 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის ივლისამდე მუდმივად იშლებოდა ის ფორმატები, რომლებიც მოსალაპარაკებლად იყო შექმნილი ევროკავშირისა და ამერიკის მიერ. რეალურად, კონტროლი უმაღლეს დონეზეა დაწესებული და მათ შორის ევროკავშირის მიერ.
ყველამ კარგად იცის, რომ საფრთხეს საოკუპაციო ჯარი და საოკუპაციო პატრული ქმნის. ქართველი პოლიციელი რომ იქ ყოფილიყო, ქართველს აუცილებლად გამოექომაგებოდა თუ არა? – საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრებლები გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. ჩვენთვის მათი უსაფრთხოება საგანგებო თემას წარმოადგენს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.